რეზონანსი
08.03.2024

ბუნდესტაგში ადეიშვილის საპატიო სტატუსით სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს და არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, სწორი რეაქცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში ადეიშვილის შეხვედრები იყო შეცდომა.

„წესით, დელეგაციის შემადგენლობა უნდა სცოდნოდათ და ამით უნდა დაინტერესებულიყვნენ, რადგან ადამიანი ბუნდესტაგში მიდის, საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება და შეხვედრებს მართავს. არ მგონია, ეს ბუნდესტაგისთვის მაინც და მაინც საამაყო იყოს. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში მხილებულია ხუთი დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა კობა დავითაშვილის თემა, ტელეკომპანია „იმედის" საკითხი. ამ საქმეებზე პასუხისმგებლობა სწორედ ზურაბ ადეიშვილზეა დაკისრებული და ამ ადამიანის საპატიო სტატუსით ბუნდესტაგში სტუმრობა არ შეშვენის არც ბუნდესტაგს, არც ქართულ-გერმანულ ურთიერთობას და არც გერმანულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის იქნება სასარგებლო. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, ეთქვათ, რომ ეს ვინმეს მხედველობიდან გამოეპარა.

რა სასიამოვნოა, როცა კანონის უზენაესობაზე იმ ადამიანს ელაპარაკები, რომლის სახელიც საქართველოში ასოცირდება ბიზნესის რეკეტთან და იმ ციხის ზედამხედველობასთან, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, აწამებდნენ. მგონი, ამ ყველაფრის ფონზე სწორი რეაქცია იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს იყო შეცდომა ან შეიძლება საერთოდ არაფრის თქმა სჯობდა. დეზინფორმაცია რაშია, რაიმე ფაქტი გაყალბდა? უსამართლო შეფასებებს ვაკეთებთ? - არ მესიამოვნება, რომ ჩემს ქვეყანაში მივიღო და პარლამენტში ისეთი ადამიანი ვიხილოთ, რომელიც ბრალდებულია არაერთ საქმეში. ასეთი ადამიანის პარლამენტის ლოჟაში ყოფნა მომინდება? - ადეიშვილზე პრეტენზიის გამოხატვა დეზინფორმაციად თუ ითვლება, კი ბატონო, ასე იყოს, მაგრამ მე ასე ვერ ჩავთვლი. ადეიშვილს სისტემურ დანაშაულებში ბრალი მიუძღვის, ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს და ეს არის დეზინფორმაცია?", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკული შეფასებების შემდეგ, გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, დღეს კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი - მსჯავრდებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×