რეზონანსი
18.03.2024

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით); მშენებლობა - 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19%-ით).

2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებში ფიქსირდება.

2023 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×