რეზონანსი
18.03.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი საწვავის ხარისხის გამო კომპანიების დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2024 წლის იანვრის ბოლო გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯის შემოწმების შედეგად, 28-ში დარღვევა გამოვლინდა. კომპანიებისთვის გამოწერილმა ჯარიმამ კი 2 მლნ ლარს გადააჭარბა. დეპარტამენტმა არ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზე გამოვლინდა საწვავის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის შეფასებით კი, მსგავსი ქმედება კრიმინალია და მომხმარებელმა უნდა იცოდეს თუ სად იყიდება ცუდი ხარისხის საწვავი.

„აგიხსნით რატომ არის კრიმინალი - ამ დროს ხდება გაბევრება ანუ იმპორტიორი/რეალიზატორი ცუდი ნივთიერების შერევით აბევრებს შემოტანილ საწვავს. ამ დროს საწვავში ხდება ქიმიური ნივთიერებების ( სპირტი, ჩინეთიდან შემოტანილი ქიმიური ფხვნილი) გარევა.

ასევე მოგეხსენებათ ჩვენთან აკრძალულია 92 რეგულარის ტიპის საწვავზე დაბალი კატეგორიის შემოტანა/რეალიზაცია, თუმცა ეს აკრძალვა არ მოქმედებს სომხეთში, აზერბაიჯანში, სადაც მისი ყიდვა კაპიკებშია შესაძლებელი. თუ ამას სახელმწიფომ არ შეუშალა ხელი მივალთ სავალალო მდგომარეობამდე, ვგულისხმობ გაბევრებას, რაც ნიშნავს რომ 5 ტონის ნაცვლად კომპანია ყიდის 10 ტონას და შემოსავალს უმალავს სახელმწიფოს. მე დღეს კიდევ ველი, რომ ამის ჩამდენი კომპანიების შესახებ მონაცემები გამჟღავნდება,“ - განაცხადა იობაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×