რეზონანსი
19.03.2024

ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და ამიტომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

„როდესაც ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და როდესაც არ გაქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების, ან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების, რა თქმა უნდა, ცდილობ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. ეს რადიკალური ნაბიჯები არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულად შეტევა და დასუსტება. ეს დღეს ვიხილეთ. ეს არის მორიგი გამოვლინება ვეტოს მეშვეობით", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მიმდინარეობისას.

ოხანაშვილის თქმით, დღეს ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე 2/3 ან 3/5-ით უნდა იყოს არჩეული და ეს მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მათ აერჩიათ ცესკოს თავმჯდომარე, ან ვინმეს ფიქრად გაევლო, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია, რადგან აირჩევა უმრავლესობით.

„ხალხი უმრავლესობით ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს და ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, გაუჩნდათ აზრი, რომ ეს არ ვარგა და შევცვალოთო. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე გვეუბნებიან, რომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩიოთო. მოსამართლეების არჩევის საკითხი როდესაც იდგა უზენაეს სასამართლოში, გვეუბნებოდნენ, რომ არ აგვერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უნდა იყოს არჩეული კვალიფიციური უმრავლესობითო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციის შიგნით უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ ექნება ამ საკითხს, მაშინ საკითხი გადაწყვეტილად არ იყოს მიჩნეულიო. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ოპოზიციიდან უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა. ოპოზიციაში არიან, ხალხის მანდატი არ აქვთ, იმედი ხალხის ნდობის და მხარდაჭერის არ აქვთ და იპოვეს გამოსავალი - როგორ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. მაშინ ხელისუფლებაში ყოფნას რა აზრი აქვს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გაქვს?!", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×