რეზონანსი
20.03.2024

ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი? რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა? ყველაფერს აქვს ზღვარი! როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ამას არ დავუშვებთ!“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, კატარიდან შემოსულ, 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენ აპარატებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

როგორც მან აღნიშნა, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.

„პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ დეზინფორმაციის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი. ეს დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანიაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა. როცა ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია. ხედავთ, რომ მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს. უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებები ევრონესტში დღესაც იყო. მან საქართველოს სამარცხვინოდ დააბრალა რაღაცები. ასეთი უმადურობებიც ხდება, სამწუხაროდ, ამას ჩვენ შეგუებულები ვართ. ჩვენ ეს გვესმის ასევე ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „დროას“ და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მილიონების დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია. ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ. და ბოლოს მივედით იქამდე, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით. ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა. ყველაფერს აქვს ზღვარი! როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესების, ამას არ დავუშვებთ!“- მიმართა შალვა პაპუაშვილმა გოცირიძეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×