რეზონანსი
23.03.2024

ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში" ისაუბრა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით სავარაუდოა, რომ ისინი კვალს კიდევ სხვაგან ეძებენ.

„ტერორიზმს არავითარი გამართლება არ აქვს, რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზეც არ უნდა განხორციელდეს, უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ამ ყველაფერს ეწირებიან მშვიდობიანი, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები. სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციას ვერ განვიხილავთ, ამის დრო არ გვაქვს, მაგრამ თუ დავაკვირდებით დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იგივე ღაზას სექტორს თუ ავიღებთ, თუ როგორ განხორციელდა იქ ტერორისტული აქტი, რა შედეგები მოჰყვა ყოველივე ამას და როგორ ვითარდება მოვლენები, შეგვიძლია გარკვეული ვარაუდები გამოვთქვათ იმის თაობაზე, რას მოიმოქმედებს რუსეთი. ერთია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო თავის თავზე ეს ტერორისტული აქტი, ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, მაგრამ მეორეა, სპეცსამსახურები გამოძიებას როგორი კუთხით მიუდგებიან და ამას რა პოლიტიკური სარჩული მოჰყვება. რუსეთს დღესდღეობით ომი აქვს უკრაინასთან, გარკვეული ინტერესები ამოძრავებს უკრაინის და მთლიანად დასავლეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა ამ დაპირისპირების დროსაც კი გადალახა ერთგვარი ბარიერი და მიუსამძიმრა რუსეთის მოსახლეობას, ჩვენ მაინც ალბათ უახლოეს მომავალში ვნახავთ გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან, მითუმეტეს მათ [რუსეთმა] დაიწყეს განცხადებების გაკეთება იმის თაობაზე, რომ ეძებენ უფრო მეტ კვალს, ვიდრე ეს შეიძლება „ისლამური სახელმწიფოდან" მოდიოდეს. „ისლამურმა სახელმწიფომ" რამდენიმე ხნის წინ არსებობა თითქოს შეწყვიტა, ამოსუნთქვისთვის, დასვენებისთვის, შემდგომ ტერაქტამდე პაუზა აიღო, მაგრამ გუშინ გამოჩნდნენ. თუმცა, რა მიზანი ამოძრავებდათ მათ ზუსტად, გამოძიების ჩატარებაა საჭირო", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლის" ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×