რეზონანსი
04.04.2024

საქართველო ისეთ მდგომარეობაშია უკვე რამდენიმე წელია, როგორც თვითმფრინავი, რომელსაც ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ასეთ დროს გამჭვირვალობის კანონი დამატებითი უსაფრთხოების ღვედის ფუნქციას შეასრულებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"საქართველო ისეთ მდგომარეობაშია უკვე რამდენიმე წელია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი. კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20%-ზე მეტი შემოსავლისა მიღებული გარედან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, ვერც ერთი ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული.

"ვერც ერთი, მათ შორის, ევროკავშირელი ელჩი საქართველოში ვერ იტყვის, რომ ეს კანონი არის რუსული, ვინაიდან თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება დაიწყო შარშან. ჩვენ - საზოგადოებას გვაქვს უფლება, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი" გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×