რეზონანსი
19.04.2024

ჩვენი ხელისუფლება არასდროს შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ევროკავშირში წევრობას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები 6 თვის წინ დადიოდნენ ბრიუსელში და ეუბნებოდნენ ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

„სადაც დღეს ჩვენ ვართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი სწორედ ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია, ჩვენი ხელისუფლების ძალიან მძიმე და დამღლელი შრომის შედეგი, მათ შორისაა გაფუჭებული საქმეების გამოსწორება. დღეს რომ ევროკავშირის დროშა შემოხვეულები სხედან ხოლმე პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ესენი იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ზუსტად 6 თვის წინ დადიოდნენ ბრიუსელში და ეუბნებოდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. არც ჩვენ და არც საზოგადოებას ეს არ დავიწყებია და ახლა აქეთ გვამუნათებენ, თითქოს, ჩვენ ვუქმნით საფრთხეს. ჩვენ არანაირ საფრთხეს ევროპულ ინტეგრაციას არ შევუქმნით. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან წამოსულ განცხადებებს, აქაც მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, ჩვენ ავიღეთ ევროკომისიის დირექტივა, რომელიც 3 თვის წინ დაამტკიცა ევროკომისიამ და ევროკომისიამ ეს დირექტივა გადასცა მისაღებად ევროპარლამენტს. ამ დირექტივაში ნათლად არის ჩამოყალიბებული ის მიზნები, თუ რატომ უნდა იყოს გამჭვირვალობა გარანტირებული და უზრუნველყოფილი ევროპის სახელმწიფოებში. მათ შორის საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობაზე, მათი დაფინანსებისა და მათ მიერ უცხო ქვეყნების ინტერესების წარმოდგენის გამჭვირვალობა. შესაბამისად, ეს არის ჩვენი მთავარი დოკუმენტი, რომელზეცაა სწორება. ეს დოკუმენტი და საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროექტი არ არის ერთი იგივეო და ამის იქით დისკუსია არ მიდის. დავსხდეთ და ვისაუბროთ, რატომ არ არის ეს ერთი და იგივე, სადაა განსხვავებები და რა შეიძლება გავაკეთოთ ისე, რომ ერთი და იგივე გახდეს ევროკომისიის დირექტივა და ქართული კანონმდებლობა. წავიკითხე მთლიანად ეს ევროდირექტივა, რომელიც რამდენიმე ათეული გვერდია ჩვენი კანონისგან განსხვავებით და მინდა გითხრათ, რომ ის დირექტივა ბევრად უფრო მკაცრია და ბევრად უფრო მეტ მოთხოვნას უყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვიდრე ქართული კანონპროექტი, რომელიც ერთადერთი, რასაც ითხოვს, არის ის, რომ მათ დეკლარაცია ჩააბარონ. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ფრანგული კანონიც, რომელიც საფრანგეთმა მიიღო. ისიც შევადარეთ ქართულ კანონმდებლობას და ფრანგული კანონმდებლობაც ამ, შემთხვევაში უფრო მკაცრია, უფრო მკაცრად არეგულირებს ამ სფეროს, ვიდრე ქართული კანონმდებლობა, რომელიც არც არეგულირებს, უბრალოდ დეკლარაციას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. მოვუწოდებთ ასევე ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მათ შორის კომისიის წარმომადგენლებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, სადაც ამ საკითხებზე გვექნება საუბარი", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×