რეზონანსი
27.04.2024

ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნეს და სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები.

„ბევრჯერ მითქვამს, ჩემი პოზიცია იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან, ამავდროულად, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დიდი გამოწვევების წინაშე დგას სამწუხაროდ. მთავარი გამოწვევა ოკუპაციაა, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.

რაც შეეხება ამ წერილს, გავეცანი წერილის შინაარსს, ძალიან სამწუხაროა, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი., კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს აქ [კანონთან დაკავშირებით] არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, გამოითქვა ასეთი შეფასებებიც. რბილად რომ ვთქვათ, ეს [ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა] არათუ გადაჭარბებულია, ძალიან საფუძველმოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე და ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, თუ რაღაც, გამორიცხულია, მეგობრებო. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა და ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც, ბუნდოვანებაც მოიხსნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×