რეზონანსი
03.05.2024

[აშშ-ს დიპლომატებმა] ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ის, რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები იცავდნენ იმ მომენტისთვის პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა,- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს".

„გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ და ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დენიგანმა, ერთი მეორის მიყოლებით შეშფოთება და აღშფოთება გამოთქვეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. პირველ რიგში „მშვიდობიანი მომიტინგეების" მიმართ პოლიციის მხრიდან თითქოსდა გადამეტებული ძალის გამოყენების გამო. ანუ, ის რომ ქართველი პოლიციელები, შიდა პერიმეტრზე გამაგრებულები, იცავდნენ იმ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის ცარიელ შენობას, ვანდალებისგან, რომლებიც ცეცხლით და მახვილით, მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ, ძალადობდნენ, აგინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, ქვებს და ბოთლებს ესროდნენ სამართალდამცველებს, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა, ნუ იტყვი და ეს ამერიკელი ჩინოვნიკებისთვის მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი ძალადობა ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც იმავე დღეს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე სტუდენტების მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ამერიკული პოლიციის მიერ შტურმი იყო განხორციელებული. რობოკოპები სცემდნენ, არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს. შეანგრიეს კამპუსის ფანჯრები და კარები. დააპატიმრეს 300 სტუდენტი.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ-იორკის მერი ადამსი, სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები აღფრთოვანებით შეხვდნენ პოლიციის მხრიდან ამერიკული დემოკრატიის დაცვის ამ სამაგალითო გამოვლინების ფაქტს! ერთხმად დაგმეს სტუდენტების საქციელი!

ცხადია, მსგავსი განცდა ამ ფაქტზე ექნებოდათ თეთრი სახლის პრესსპიკერს მეთიუ მილერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ კირბის და ელჩ დენიგანს, რადგან იქ, ამერიკაში, დემოკრატიის მექაში, სტუდენტების მხრიდან გამოხატვის უფლების, რობოკოპების მიერ აღკვეთა და ბარბაროსული დარბევა, წესრიგის აღდგენა და ლიბერალური დემოკრატიის ზეიმია! აქ კი, მათთვის ვასალურ „ჯორჯიაში", ქართული პოლიციის მიერ, უმაღლესი ევროპული, პროფესიონალური სტანდარტით მოქმედება, ფარისეველი ამერიკელი ჩინოვნიკების და მათ მიერ იღლიის ქვეშ ამოდებული, ევროკავშირის მექრთამე დეპუტატების მიერ, ქართული პოლიციის წინააღმდეგ წარმოებული ბინძური კამპანიის საბაბია!

პროტესტის პირობებში სტუდენტების ბრუტალურად ცემა და გარეთ გამოყრა მეორე ხარისხოვანი ხდება იმ უმძიმესი, დამაშანტაჟებელი და მასტიგმატიზირებელი განცხადებების ფონზე, რომელიც ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გააკეთეს! მათი პრინციპული განცხადებით, ფანჯრების ჩამტვრევის და გარკვეული საგნების დაზიანების გამო, აღარ უნდა დაფინანსდნენ პროტესტში ჩართული სტუდენტების უნივერსიტეტები, მეორე მხრივ კი, თავად ისინი მომავალში სამსახურში არავინ უნდა მიიღოს!

აი, ეს მივიღეთ ერთ დროს, ყველასთვის მისაბაძი ამერიკული დემოკრატიისგან - ახალი ტიპის ფსევდოდემოკრატია, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების განულებული ღირებულებებით. ჩვენთვის დემოკრატიის სწავლების ამბიციის მქონე ამერიკელებმა, „ნაციონალური მოძრაობის" სახით, 2003 წელს ერთხელ უკვე შემოგვიტანეთ „დემოკრატია" და ქვეყანაში სადისტური რეჟიმის დამყარებას შეუწყვეთ ხელი. დღეს, ამერიკაშიც იმავე ტიპის „დემოკრატიული" წესები მოქმედებს და კიდევ ერთხელ გსურთ ჩვენს ქვეყანასაც მოახვიოთ თავს, მაგრამ ეს მეორედ ვეღარ მოხდება! ამას აღარავინ დაუშვებს!

სწორედ ამის სურვილის გამოვლინებაა, რომ ყოველდღიურად შფოთავთ, დღეში 2-3 განცხადებას აკეთებთ, აკერმანის რეკრუტირებულ 300-400 ბავშვს აგულიანებთ, დარბიან ეს ჭინკებიც და ანგრევენ მთელ თბილისს. გირჩევნიათ საკუთარ პროტესტებს მიხედოთ, ყველანაირი დემოკრატიული სტანდარტის გარეშე ბრუტალურად რომ არბევთ სტუდენტებს!

ყარს დანიის სამეფო, ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა შექსპირი! მთელს მსოფლიოს მოედო შმორის სურნელი! გადატრიალებები, „მეიდანები", ავღანური გაზაფხულები, ვენესუელაში თეთრი სახლიდან დანიშნული „პრეზიდენტები", „დემოკრატიის შუქურები" მორჩა! ჩაბარდა ისტორიას კოლონიალიზმი! XXI საუკუნეა! გამოფხიზლდით! დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება პარტნიორობა და არა ბატონყმობა! ყურადიღეთ საფრანგეთის აფრიკული გამოცდილება! ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია! სხვათა შორის მისტერ მილერ, მისტერ კირბი და მისს დენიგან, ხომ არ გინახავთ გუშინ როგორ პირუტყვებივით ექცეოდა საფრანგეთის პოლიცია დემონსტრანტებს, რა სისასტიკით სცემდნენ, ძაღლებს უქსევდნენ ადამიანებს, ხელკეტებით ცხვირ-პირს უმტვრევდნენ?!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×