სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.05.2019

     (რეზონანსი) ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხიდზე ორმხრივი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.

    როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საყრდენ ბოძებს, ასევე, მოწესრიგებულია სავალი ნაწილი, რაც მოძრაობის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხიდზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    „ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა. როგორც იცით, აღნიშნული სამუშაოები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. ხიდი მძიმე მდგომარეობაში იყო. მოძრაობა რამდენიმე საათში ორმხრივად გაიხსნება. დარჩენილია მხოლოდ გამწვანების სამუშაოები ჩვენ მიერ მოწყობილ ე.წ. კუნძულებზე, ასევე, დახაზვის სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, ათ დღეში განხორციელდება, რადგან მოასფალტების შემდეგ, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა. ამ ეტაპზე, ხიდზე სავალი გზის მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, ვახუშტის ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტის დროულად დასრულება დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

    როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა. გარდა ამისა, გამაგრდა ხიდის საყრდენი ბოძები.

    „ძირითადი სამუშაოები იყო საყრდენების ანუ ე.წ. კოჭების გამოცვლა, რაზეც დგას ეს ხიდი. მას შემდეგ, რაც ის აშენდა, არანაირი რეაბილიტაცია და სამუშაოები არ ჩატარებულა. ამიტომ ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში, აქ გადაადგილება საფრთხილო იყო. შესაბამისად, პრიორიტეტებში პირველ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, საყრდენების მოპირკეთებისა და მათი განათების სამუშაოები გრძელდება.

    მერმა მოქალაქეებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გარეშე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

    მისივე თქმით, მალე დაიწყება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელზეც მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. გზის გადაკეტვა ეტაპობრივად მოხდება.

    „გპირდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ. გულს ვდებთ შიგნით, გულიანად კეთდება ყველაფერი, რათა ჩვენმა გაკეთებულმა პროექტებმა თაობებს გაუძლოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved