რეზონანსი
11.12.2019

  დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ჯართან დაკავშირებით საუბრობს.

კალაძის თქმით, საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები ჰყავს.

„პრეზიდენტს უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა საუბრობს ჯარზე, რადგან ის გახლავთ მთავარსარდალი. გვყავს ჯარი, ღირსეული ჯარისკაცები, გმირები, ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან ძალიან წარმატებული სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. თვითონ კონტექსტს რაც შეეხება, განსხვავებულიკონტექსტი იყო მთლიანად რომ შევხედოთ ამ განცხადებას. ამასთან დაკავშირებით თვითონ ადმინისტრაციამაც გააკეთა განცხადება" ,- აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, პრეზიდენტის ამგვარი განცხადება რუსეთისთვის კიდევ უფრო წამახალისებელი ხომ არ იქნება, კალაძემ ასე უპასუხა: „ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლითა და ძლიერი საქართველოთი. ესაა ყველაზე მნიშვნელვანი, რითაც შეგვიძლია, დავიბრუნოთ წართმეული ტერიტორიები".

საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×