რეზონანსი
21.02.2020

ისტორიკოსი ლაშა დეისაძე სასულიერო პირის მამა რომანოზის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს, რომელსაც „მხედრიონი“ ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვაში. მისი თქმით, მამა რომანოზი რამდენჯერმე უმოწყალოდ სცემეს და აწამეს.

„დღეს, 2020 წლის 20 თებერვალს, 15 წელი შესრულდა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და უსამართლოდ ნატანჯი სასულიერო პირის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რომანოზ ჩიქობავას გარდაცვალებიდან.

მღვდელი (შემდგომში დეკანოზი) რომანოზი 1992 წლის 9 ივლისს შეიპყრო ე.წ. მხედრიონმა, ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. მამა რომანოზი ჯერ უმოწყალოდ აწამეს წალენჯიხაში, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს და დატყვევებული ჰყავდათ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ასევე აწამებდნენ ძლიერ სასტიკი მეთოდებით. ე.წ. მხედრიონი მამა რომანოზს ცილისმწამებლურად ბრალს სდებდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთათვის იარაღის შენახვას წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში. ბრალდება საბოლოოდ ვერ დაუმტკიცეს და ნატანჯ-ნაგვემი გაათავისუფლეს ცხრამეტი დღის შემდეგ. მამა რომანოზს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა, შეეყარა ეპილეფსია და 2005 წლის 20 თებერვალს, 56 წლის ასაკში აღესრულა უეცრად.

მიუხედავად უსამართლო და სასტიკი ტანჯვა-წამებისა, მამა რომანოზი აღნიშნავდა თურმე თავის შემპყრობთა და მწამებელთა შესახებ, არცერთი დამიწყევლია, ყველას ვლოცავდიო… 

დეკანოზ რომანოზს თავს გადახდენილი ტრაგიკული მოვლენების ყველაზე დრამატული მხარე ისაა, რომ იგი ყველამ გაწირა, ღმერთის, საკუთარი ოჯახისა და უახლოესი ადამიანების გარდა. საბოლოოდაც კი იგი ისე წავიდა ამქვეყნიდან, საკუთარ თავს გადახდენილი დევნის შესახებ ვერ მიიღო პასუხი: რატომ?!“ – წერს ლაშა დეისაძე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×