რეზონანსი
21.02.2020

(რეზონანსი) საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა შვილმა მამა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი 17 წლისაა. შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×