რეზონანსი
03.04.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს გულის უკმარისობა აღენიშნება.

„კლინიკაში გადმოყვანილი ერთ-ერთი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკურად სახეზეა კორონავირუსის შემთხვევა, მწვავე პნევმონია. ანამნეზი ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა სათანადო კვლევები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კი ამ ეტაპზე ოთხი კრიტიკული პაციენტია. მათი მონიტორინგი და მკურნალობა გრძელდება. სულ ამ ეტაპზე საუნივერსიტეო კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათგან 34 კორონავირუსით ინფიცირებულია. დანარჩენ შემთხვევაში ტესტების პასუხებს ელოდებიან.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებული 14 ახალი პაციენტი სხვადასხვა კლინიკებიდან არიან გადმოყვანილი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ხორციელდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×