რეზონანსი
07.04.2020

ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სასწაულს, რომ სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში, რომ შვას მან ძე ღვთისა. ერთ-ერთი დიდი მამა ჩვენი ეკლესიისა გრიგოლ პალამა ამბობდა, რომ ისევე როგორც ღვთის ნების გარეშე შეუძლებელი იყო ასეთი დიდი სასწაულის აღსრულება, ასევე შეუძლებელი იყო ადამიანის ნების გარეშეც, ათასობით წელი დასჭირდა მომზადება კაცობრიობას, რომ შობილიყო ასეთ ადამიანი, ყველა ადამიანზე აღმატებული და თვით ქერუბიმებზე და სერაფიმებზე აღმატებული ქალწული. ადამიანი, რომელიც შეძლებდა ეთქვა ის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ღვთისმშობელმა. ასეთი მორჩილება და სიმდაბლე გამოავლინა მან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე. შეიძლება ვთქვათ, რომ რაც მოხდა ღვთისმშობლის ცხოვრებაში ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ის ჟამი დგება, როდესაც ჩვენ ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. როდესაც ჩვენ განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის იესო ქრისტეს გულში. ამაზე გვაფიქრებს დრეს დღევანდელი დღე, რომ ყოველმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ ქრისტე ჩვენს გულში, რადგან ადამიანი, ეს არის ტაძარი ღვთისა და უფალი უნდა აღორძინდეს, გაძლიერდეს და ჩვენ სულში უნდა ჩაისახოს, ამაზე გვეუბნება დღევანდელი დღე. დღეს ვიხსენებთ წმინდა იოაკიმ და ანასაც, ასევე ღვთისმშობელს, ეს სამი ადამიანი მოამზადა უფალმა, რამდენი განსაცდელი გამოიარეს მათ ათწლეულების განმავლობაში. ღვთისმშობლის ცხოვრებაც სავსე იყო განსაცდელებით და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განსაცდელები არაფერი არ არის მისი განსაცდელების და მწუხარებათა გარეშე. რატომ ხდება ეს? იმისთვის, რომ უფალი იშვას ჩვენს სულში ჩვენს გულში, ეს ხდება დიდი განსაცდელების შედეგად. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. დავფიქრდეთ დღეს ამაზე, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ უფრო მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, რომ შევუდგეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს. სახარებაში მცირედ არის ღვთისმშობლის სიტყვები აღწერილი, არის რამდენიმე სიტყვა მათ შორის, კანას გალელიაში, იგი ეტყვის იქ დამსწრეთ, „ჰყავთ ის, რასაც ძე ჩემი გეტყვით". ეს არის ცნება ღვთისმშობლის და შევუდგეთ ჩვენ მის ღვთაებრივ ძეს", - აღნიშნა მეუფე შიომ.

მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვა გადასცა და აღნიშნა, რომ მან მთელი ცხოვრება დაუთმო იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი, რომ ყველა შეუდგეს სულის გადარჩენის გზას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×