
ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება. მთავრობის კანცელარიაში ამტკიცებენ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობა არ არის მართებული ინტერპრეტაცია.
საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება.
როგორც მთავრობის კანცელარიაში აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, 15 ივლისი არის დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ისევე როგორც მოხდა ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის გახსნა, მოიხსნა საკარანტინე ზონები, ან შეზღუდვა ავტომანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე და ა.შ.
შესაბამისად, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს - როგორც კი ტრანსპორტის ამოქმედება გადაწყდება, დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შევა.
ამბები