რეზონანსი
27.05.2020

23 წლის მეგი 4 თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით, მას სპინალური შოკი აქვს. ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ქმედუუნარო გახადა, 2020 წლის 12 თებერვალს ბათუმში მოხდა. მეგობართან სტუმრად მყოფ მეგის მეორე სართულის აივანზე ფეხი მოუცურდა, გადავარდა და ხერხემალი დაუზიანდა.

„ჩვენ ქუთაისიდან ვართ. ჩემი შვილი მეგი, ორი თვის გათხოვილი იყო ბათუმში, როდესაც ეს ამბავი მოხდა. 12 თებერვალს მეგობარ გოგოსთან იყო სტუმრად. მოყინული იყო იმ დღეს, აივანზე ფეხი მოუსრიალდა, თავი ვერ შეიმაგრა და გადავარდა. შემთხვევა პუშკინის ქუჩაზე ე.წ. „ორბის ბინებში" მოხდა. ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი ოპერაცია. როგორც ექიმები ამბობენ, ზურგის ტვინი აქვს დაზიანებული, სპინალური შოკი აქვს მიღებულიო მითხრეს," - გვიყვება მეგის დედა ნათია ბაღდავაძე.

მეგი გონჩაროვას ოპერაცია ბათუმში ჩაუტარდა. თუმცა ოპერაციის მიუხედავად სიარული ვერ შეძლო. როგორც მეგის დედა ამბობს, სჭირდება განმეორებითი ოპერაცია, რომელიც რისკებს შეიცავს.

„ექიმებმა გადაჭრით ვერ მითხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ სიარულს შესძლებდა. გვინდოდა თურქეთში სამკურნალოდ წაყვანა, მაგრამ კორონავირუსმა მოგვისწრო და ვეღარ წავიყვანეთ. ეტაპობრივად სხეულის სხვადასხვა ნაწილში უბრუნდება მგრძნობელობა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ თერაპიის ჩატარება მისთვის. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის გაღების საშუალებაც არ გვაქვს," - ამბობს ნათია ბაღდავაძე.

ერთადერთ რამეს ვითხოვ, თუ ვინმეს აქვს საშუალება ფინანსური დახმარების გაწევის, დაგვეხმაროს. რეაბილიტაციისათვის მეგი ქუთაისიდან წყალტუბოში უნდა ვატაროთ. ტრანსპორტირებას თანხა სჭირდება. ასევე რეაბილიტაციასაც, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს," - ამბობს ნათია ბაღდავაძე.

წყარო: ბათუმელები

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×