რეზონანსი
04.06.2020

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დღესასწაული გარდამავალია და ის ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება.

სამონასტრო კომპლექსში პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო იმყოფებოდა, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მონასტრის მიმდებარედ ორ მონასტერს ეხება, ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. იცით, რომ ორივე მონასტერი თავად დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული. ეს არის ისტორიულად ქართული სავანეები, მონასტრები და დღეს სამწუხარო რეალობის გამო, ვერ ავდივართ იქ და ვერ ვატარებთ წირვა-ლოცვას. ჩვენ ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს და ვიქონიოთ სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდება და ერთად შევძლებთ იქ წირვა-ლოცვას ისე, როგორც მამა დავითს გაეხარდებოდა და როგორც ჩვენს წინაპრებს გაეხარდებათ", - აღნიშნა მეუფე შიომ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×