რეზონანსი
30.06.2020

ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას ედავებიან, აცხადებს, რომ ჩხუბის არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია და პირიქით, კონფლიქტიდან გარიდებას ცდილობდა.

„დაახლოებით, იქნებოდა ღამის 23:00 საათი, როდესაც მე აივნიდან შევედი სახლში, სადაც იყო წვეულება და დავინახე, რომ ტირილით შემოვიდა ანა გაბეჩავა და ყველას გვეუბნებოდა, რომ სახლიდან წავსულიყავით, რაზეც მე მას ვკითხე, თუ რა ხდებოდა და მითხრა, რომ გარეთ ჩხუბობდნენ ჩვენი სუფრის წევრები, ხოლო ვინ, მას არ დაუკონკრეტებია. აღნიშნულის გაგებისთანავე მე გავედი გარეთ, ეზოში და დავინახე, რომ სიტუაცია იყო განმუხტული და ჩხუბის მონაწილე პირები ცდილობდნენ ტერიტორიიდან წასვლას, რაზეც მე ჩემ მეგობარს, თამაზ დათაშვილს ვუთხარი, რომ წავსულიყავით და გავრიდებოდით აღნიშნულ სახლს, რაზეც დამთანხმდა და ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანით წავედი ქალაქ თბილისის მიმართულებით და ასევე მე და თამაზს გამოგვყვა ჩემი კლასელი ირაკლი მუმლაძე და ნ.ც. და ჩვენ ოთხივე მივედით ნახალოვკაში, „მადას" საკონდიტროსთან. მე გავაჩერე ავტომანქანა, საიდანაც გადავიდნენ ჩემი თანმხლები პირები და შევიდნენ არკას შენობაში. მე გადავწყვიტე, რომ დავლოდებოდი თამაზს, რომელიც უნდა წამეყვანა სახლში, თუმცა, იგი აღარ გამოვიდა, რადგან დარჩა მეგობართან, ხოლო ნ.ც. და ირაკლი მუმლაძე გამოვიდნენ არკას შენობიდან, რომლებსაც მოყვებოდნენ თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელი მე არ ვიცი და ასევე მათ მოყვებოდა სრული აღნაგობის დაახლოებით, 20-25 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა წვერი, ხოლო მე მისი სახელი და გვარი არ ვიცი, რადგან არ გამცნობია, თუმცა ნახვის შემთხვევაში მე შემიძლია მისი ამოცნობა. მათ მთხოვეს, რომ ისინი უკან წამეყვანა მცხეთაში, რადგან ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი იქ იყვნენ დარჩენილი და ვერაფრით მოდიოდნენ უკან, რაზეც მე მათ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ წავიყვანდი მათ უკან, რის შემდგომაც ჩემ გვერდით დადგა ჩემთვის უცნობი, სრული აღნაგობის პიროვნება, ხოლო უკანა სავარძელზე დასხდნენ ნ.ც. ირაკლი მუმლაძე, თენგო ბარბაქაძე და ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი და წავედით ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანით მცხეთის მიმართულებით, რა დროსაც ჩემი მანქანის უკანა სალონში მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება, კონკრეტულად რომელი არ ვიცი, საუბრობდა მობილურზე და მისი საუბრიდან გავარკვიე, რომ ჩემ მანქანას უკან მოსდევდა სხვა მანქანა, ხოლო იმ მანქანაში ვინ იჯდა, მე ეს არ ვიცი, რადგან მობილურზე ლაპარაკისას ეს არ დაუკონკრეტებია. როდესაც ჩვენ შევედით მცხეთაში, ვინაიდან მე ვიცოდი, რომ ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი და გიორგი მერაბიშვილი ფეხით მოძრაობდნენ გზის მეორე მხარეს და მიდიოდნენ თბილისის მიმართულებით, მე მანქანა დავატრიალე ნატახტართან მდებარე ხიდზე და წავედი თბილისის მიმართულებით, სადაც გზაზე შემხვდნენ ზემოთაღნიშნული ჩემი კლასელები. მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა, მათ ჩემ მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით, 5-6 ახალგაზრდა, ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ ისინი, ვინც სცემეს ჩემი კლასელები, რაზედაც ჩემ მანქანაში მსხდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემ მანქანაში მსხდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი, ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემ გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა. მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინა მისთვის და წამოსულიყვნენ, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს, ასევე ლაშა შერმადინს და გიორგი მერაბიშვილს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები - ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი, ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც. ჩასხდნენ ჩემ მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში, რა დროსაც გზაში თენგო ბარბაქაძემ მითხრა, რომ მას მანქანა ჰყავდა დატოვებული მცხეთაში, ნაქირავებ სახლში და მთხოვა იქ მიმეყვანა, რაზედაც მე მანქანა დავატრიალე რესტორან „საჭაშნიკესთან" და წავედი მცხეთის მიმართულებით, სადაც ჩემი თანმხლები პირები ჩავიყვანე აღნიშნულ სახლში, ვინაიდან მე მინდოდა საპირფარეშოში შესვლა, შევედი სახლში, სადაც ვნახე ჩემი კლასელი ეთერ ხოშტარია, რომელიც იყო თავის შეყვარებულთან, ვანო ტეგაძესთან ერთად."

წყარო: ინტერპრესნიუსი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
:(   (30.06.2020)
თუ არ გინდოდა ჩხუბი მომხდარიყო, რად მორბოდი თბილისში და ჩამოიყვანე ხალხი? ცუდი საქმე ჩაიდინე ძალიან:(


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×