რეზონანსი
03.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ერთ-ერთი მოწმის, ბარბარე ურიდიას დაკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მცხეთის აგარაკზე, მისი მეგობრის ანი გაბეჩავას დაბადების დღის აღსანიშავ წვეულებაზე.

ურიდიას ჩვენებით ირკვევა, რომ მცხეთის გზაზე ნაცემი მეგობრების წამოსაყვანად თბილისიდან უკან, მცხეთაში გაბრუნდა კონსტანტინე ღიბრაძე (დიჯეი), რომელმაც მანამდე ფიზიკურ დაპირისპირებას გაქცევით დააღწია თავი:

„ანის დაბადების დღეზე დაახლოებით 20 ჩემთვის ნაცნობი პიროვნება შეიკრიბა. დაახლოებით 22:30 საათი იქნებოდა, ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით, რა დროსაც შემოვარდა ანის მეგობარი ბიჭი, რომელსაც მე არ ვიცნობ. ხმამაღლა დაიძახა, რომ გარეთ ჩხუბი იყო. ამის გაგებაზე გავედით სახლის ეზოდან, სადაც ვნახეთ, რომ იმყოფებოდნენ წვეულებაზე შეკრებილი ბიჭები და გოგოები.

დაახლოებით ორ წუთში სიტუაცია დამშვიდდა, რის შემდგომაც შევბრუნდი სახლში, საიდანაც ავიღე ჩემი ხელჩანთა. გამოვედი კვლავ ქუჩაში. გამოსვლის შემდეგ მე, ირაკლი წაქაძე, ზუკა ზედმეტსახელად „ფექულიარი“, საბა გოგშელიძე, ლუკა ბეჟანიშვილი და საბა ჩხარტიშვილი ჩავსხედით ირაკლი წაქაძის „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერ მანქანაში და გავემგზავრეთ თბილისის მიმრთულებით.

თბილისის შესასვლელთან, როდესაც ვიყავით მე დავუკავშირდი ლიზი ნადირაძეს მის მობილურ ტელეფონზე და ვკითხე, თუ რა მდგომარეობა იყო, როგორ გრძნობდა თავს ანი გაბეჩავა. ლიზიმ მიპასუხა, რომ ანუ იყო ძალზედ განერვიულებული და ტიროდა, რის გამოც მე ვერ მოვახერხე მასთან დალაპარაკება.

ამის შემდეგ მანქანაში მსხდომმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით ანისთან და წამოგვეყვანა ჩვენთან ერთად, კერძოდ ირაკლი წაქაძის სახლში, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის სიახლოვეს.

თბილისი მოლთან არმისულები გამოვტრიალდით ანის ნაქირავები სახლისკენ. დაახლოებით 23:40 საათზე მივედით დანიშნულების ადგილას. მანქანიდან მე და ირაკლი წაქაძე გადმოვედით, სახლში შესვლისას ჩვენ დაგვხვდა კონსტანტინე ღიბრაძე, ვახო ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე, გიორგი შაქარაშვილი, ამ უკანასკნელის მეგობარი გუკა, ანის ორი მეგობარი ბიჭი, რომლებსაც მე არ ვიცნობ, ანი გაბეჩავა, ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი და რამდენიმე ანის მეგობარი გოგო, რომელთაც მე არ ვიცნობ.

ამის შემდეგ მუსიკალური აპარატურა ჩავაწყეთ ირაკლის მანქანაში, მე და ანი ჩავჯექით ამავე მანქანის უკანა სავარძელზე და წავედით ლისის ტბის მიმართულებით, ხოლო დანარჩენები დარჩნენ ანის მიერ ნაქირავებ სახლში.

ირაკლის სახლში ასვლიდან რამდენიმე წუთის მანძილზე მე მიკავშირდებოდა ლიზი ნადირაძე და მარი ხატისკაცი, რომლებიც მოდიოდნენ ჩვენთან, ერთმანეთისგან განცალკევებით, ორი მანქანით. მათ ამოსვლამდე ლუკა ბეჟანიშვილის ტელეფონზე დარეკა ვიღაცამ და უთხრა, რომ ვახო ახვლედიანი, გიორგი ქათამაძე და კონსტანტინე ღიბრაძე მცხეთის ცენტრალურ გზატკეცილზე უცნობებმა სცემეს.

ამის შემდეგ ჩვენ ჩავჯექით ირაკლის მანქანაში და წამოვედით ჩვენი უბნის მიმართულებით, რადგან ბიჭებს ენახათ, ვინმე უფროსი ადამიანები, რომლებთან ერთადაც მივიდოდნენ ჩვენს ნაცემ მეგობრებთან და უსაფრთხოდ წამოიყვანდნენ.

იქნებოდა დაახლოებით 03:00 საათი, როდესაც მე ავედი სახლში, მაგრამ ასვლამდე ლუკას ვთხოვე, რომ დაერეკა ჩემთვის და შეეტყობინებინა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ბიჭები.

დაახლოებით ერთ საათში ლუკა მოვიდა ჩემს სახლთან და მითრა, რომ ვახო ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე ნახეს ნაცემები, ხოლო სცემეს უცნობმა პირებმა, რომლებიც მანქანით იმყოფებოდნენ მისულები.

ასევე ლუკამ მითხრა, რომ გიორგი შაქარიშვილი და მისი მეგობარი გუკა იყვნენ დაკარგულები. ხოლო დაკარგულები იყვნენ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათაც უცნობმა პირებმა დაუპირეს ცემა, მაგრამ გაიქცნენ და აღარ გამოჩენილან. მეორე დღეს ჩემი მეგობრებისგან შევიტყე, რომ გუკა გამოჩნდა, ხოლო გიორგი შაქარაშვილი კვლავ დაკარგული იყო“, – წერია ბარბარე ურიდიას ჩვენებაში.

იხილე სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×