რეზონანსი
15.07.2020

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველ გუნდს საკადრო შიმშილი აქვს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ დეპუტატ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" პოლიტიკური პროცესების გამოცდილების მქონე კადრი აღარ დარჩა.

„არ ღირს დროის ხარჯვა იმაზე, რატომ შეიძლება, კობახიძეზე გაკეთებულიყო არჩევანი, რომ საარჩევნო შტაბს მიხედოს. ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვს მმართველ გუნდს. ძალიან მძიმე სურათი აქვთ, არავინ აღარ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება, პოლიტიკურ პროცესებში ცოტა გამოცდილება მაინც ჰქონდეს. კობახიძემ პოლიტიკური პროცესიდან ვერაფერი ისწავლა, მისგან პოლიტიკოსი არასოდეს დადგება, მაგრამ ამ პოზიციაზე იმ ნიშნით შეირჩა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ჩართული იყო, როგორც ტექნიკური, საორგანიზაციო შემსრულებელი პირი. ახლა „ქართული ოცნების" რიგებს რომ გადახედოთ, იმდენად რთულია ისეთი პოლიტიკური ფიგურა იპოვოთ, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება აქვს, მიხვდებით, რომ სხვა არარაობას ეს სჯობსო - ეს არის შერჩევის პრინციპი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, არჩევანი ირაკლი კობახიძეზე შეაჩეროს.

„მისი მათემატიკა ცნობილია, ეს არის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ტრაგიკომიკური თემა, როგორ ითვლის საარჩევნო სტატისტიკას და როგორ აკეთებს პროგნოზებს. ივანიშვილმა ერთხელ იწვნია საკუთარ თავზე ისეთი კრახი, როცა მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს და პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს ულოცავდა, რადგან კობახიძე არწმუნებდა, რომ მეორე ტურის საჭიროება არ იყო. მისი არჩევანია, რომ იძულებულია, არჩევანი მასზე შეაჩეროს", - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×