რეზონანსი
01.11.2020

ჩია, ანუ სალბის თესლი, მრავალმხრივი დადებითი თვისებებით გამოირჩევა. ჩია შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებს (ვიტამინებს, მინერალებს). მისი მცირე რაოდენობით მიღებაც საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება უამრავი კითხვა. ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რატომ არის რეკომენდირებული ჩია ყოველდღიურ რაციონში?

ჩიას თესლი აქტიურად გამოიყენება მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, წონის დასაკლებად, ყაბზობის სამკურნალოდ, ძვალ-სახსროვანი დაავადებებისას. ჩიას თესლის მიღება აუმჯობესებს მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. 

ხანგრძლივად ჩიას თესლის გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის შეკუმშვას და ამცირებს კარდიოვასკულარული გართულებების რისკს. ასევე აუმჯობესებს გლიკემიურ პროფილს და ლიპიდურ ცვლას, რაც ეხმარება შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს მდგომარეობის კომპენსაციის შენარჩუნებაში. აქვეითებს არტერიულ წნევას.

ჩიას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედების უნარი, კარგია ართროზის დროს. ჩია ხელს უწყობს საკვების მონელებას. იგი აჩქარებს პერისტალტიკას (ნაწლავში საკვების გადაადგილებას), აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ამცირებს ყაბზობას და მუცლის შებერილობას. ანტიოქსიდანტების დახმარებით ჩია ამცირებს თავისუფალი რადიკალებით ორგანიზმის დაზიანებას, ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას და დაბერების პროცესს. 

ჩიას ინტენსიური მიღება ამცირებს შაკიკის თავის ტკივილს. ჩია შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს, რომლისგანაც ხდება სეროტონინის გამომუშავება. როცა ორგანიზმში სეროტონინის დონე ნორმალურია კარგია განწყობა, შემცირებულია დეპრესია და თავის ტკივილი.

შაკიკის დროს, როგორც წესი, არის ამინომჟავა ტრიფტოფანის დეფიციტი. ჩიას ინტენსიური მიღება ავსებს ორგანიზმს ამინომჟავებით და შესაბამისად ამსუბუქებს თავის ტკივილის ინტენსივობას. 

ჩიას თესლი დღეს მრავალფეროვანი დიეტების შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით დაბალკალორიული დიეტის დროს რეკომენდირებულია ჩიას თესლის რაციონში ჩართვა, რაც თავიდან აგვაცილებს მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტს მკაცრი დაბალკალორიული დიეტის მიუხედავად. ჩიას შემადგენელი ბოჭკო იწოვს დიდი რაოდენობით სითხეს და აქვს უნარი უფრო ხანგრძლივად დაყოვნდეს კუჭში. იგი იწვევს კუჭის სისავსის და დანაყრების შეგრძნებას. რა თქმა უნდა, ჩია არ ანაცვლებს მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა მკვეთრად აუმჯობესებს მდგომარეობას და ამცირებს ჩივილებს. 

რა განაპირობებს ჩიას სასარგებლო თვისებებს?

ჩიას თესლი დაბალკალორიული და ნუტრიციული თვალსაზრისით მდიდარი პროდუქტია. ჩია შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორს, თუთიას, B1,B2 და B3 ვიტამინებს. მაგალითად 2 ჩაის კოვზი (28 გრამი) ჩიას თესლის მიღებით შესაძლებელია კალციუმის დღიური ნორმის 18-20-% ის მიღება.  ჩიას თესლი არის მთლიანი მარცვლეული, იგი არ შეიცავს გლუტენს. გლუტენი მცენარეული წარმოშობის ცილაა, რომელსაც შეიცავს მარცვლეული. გლუტენის შემცველი პროდუქტები რთულად მოინელება, თუმცა გლუტენის დახმარებით პურ-ფუნთუშეული უფრო ჰაეროვანია, ასევე გლუტენის გავლენით პროდუქტების შენახვის ვადა იზრდება. თუმცა არის შემთხვევები როცა არ არის სასურველი გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება. მაგალითად ცელიაკიით დაავადებული პირებისთვის აუცილებელია გლუტენის შეზღუდვა. შესაბამისად, ჩიას მიღება გლუტენის აუტანლობის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. ჩიას თესლი ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია, შესაბამისად, მისი შემადგენლობა იდეალურად უზრუნველყოფს ორგანიზმის გამართულ მუშაობას. 

ჩიას შემადგენელი პროტეინები ამცირებს მადას. 2 ჩაის კოვზი ჩიას შეიცავს 9 გრამ ცხიმებს. აქედან 4-5 გრამს შეადგენს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. ჩია შეიცავს უფრო მეტ ომეგა 3-ს ვიდრე თევზი. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას და ზრდის შრომისუნარიანობას. 2 ჩაის კოვზი ჩიას თესლი შეიცავს 135 კკალ-ს.

ჩიას მცირე რაოდენობაც კი საკმაო რაოდენობით შეიცავს მინერალებს. შესაბამისად, აუმჯობესებს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე (კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი). აუმჯობესებს ძვლების, კბილების, თმების და ფრჩხილების მდგომარეობას. ჩიას ჩართვა საკვებ რაციონში განსაკუთრებით რეკომენდირებულია ოსტეოპოროზისა და ან ოსტეოპენიის დროს. საჭიროების შემთხვევაში ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ყოველთვის მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება. სწორი და ბალანსირებული კვების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვაღწევთ  უფრო მარტივად. 

რამდენადაც ჩია მდიდარია ცილებით, საკვებ რაციონში ჩიას დამატება განსაკუთრებით სასურველია მათთვის ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ მიირთმევს ცხოველურ პროდუქტებს. ჩია შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით იდეალურად აბალანსებს მდგომარეობას. 

როგორ გამოვიყენოთ ჩია საკვებად?

გასათვალისწინებელია, რომ ჩიას თესლის მირთმევა უმჯობესია დილით, საუზმეზე. იგი საჭიროებს წინასწარ დალბობას. შესაძლებელია მისი წყალში, რძეში, მაწონში, კეფირში ან სხვა პროდუქტებში დალბობა. დალბობის დროს ჩიას თესლი ზომაში იმატებს, რაც მირთმევის შემდეგ იწვევს ხანგრძლივ დანაყრების შეგრძნებას. 

საუზმე ჩიას დამატებით ხდება მოცულობითი, თუმცა დაბალკალორიული. შეიძლება ჩიას დამატება სალათებსა და წვნიან კერძებშიც, ასევე პურ-ფუნთუშეულის მომზადებისას. ჩიას თესლის მირთმევა ნებადართულია რეგულარულად, ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს 15 გრამისა დღეში. ჩიას თესლს მყარი გარსი აქვს. სარგებელი მეტია თუ ჩიას გარსს დავარღვევთ. ამიტომ მეტი სარგებელის მისაღებად შესაძლებელია ჩიას თესლის დაფქვა და შემდეგ მირთმევა. 

ჩიას თესლისგან შესაძლებელია გემრიელი პუდინგების მომზადება. შესაძლებელია წინასწარ დავალბოთ ჩიას თესლი და დავუმატოთ ხილი ან მივირთვათ ბურღულეულის ფაფასთან ერთად. ჩიას პუდინგის მომზადებისას მთავარი დეტალია მისი დალბობა რათა მოხდეს ჩიას გაღივება. ინგრედიენტები შეგიძლიათ გემოვნებისამებრ შეარჩიოთ. სურვილისამებრ მიირთვათ სასურველ ხილთან ერთად. აუცილებლობის შემთხვევაში დასატკბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან შაქრის პუდრა.

რძეში ჩალბობილი ჩიას თესლი გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით ჩიას თესლი იქნება გაღივებული. შემდგომ დასატკბობად შეგიძლიათ დაუმატოთ ნეკერჩხლის სიროფი (ან შაქარი), სასურველი ხილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ კაკაო, ვანილი, დარიჩინი და ან ქოქოსის ფანტელიც დაუმატოთ. ჩიასთან ერთად უმჯობესია გამოიყენოთ ქოქოსის რძე, რაც  მეტად სასარგებლო და ასევე მარხვის დროსაც ხელსაყრელი იქნება. 

მირთმევისას ეცადეთ მაქსიმალურად კარგად დაღეჭოთ ჩიას მარცვლები მეტი სარგებელის მისაღებად. ასევე შესაძლებელია გაღივებული ჩიას თესლის ბლენდერით ათქვეფა, რათა მოხდეს ჩიას გარსის დარღვევა და მისი შემადგენელი სასარგებლო ნივთიერებების სრული ათვისება მირთმევისას. ჩიას დალბობას საშუალოდ 1 საათი ჭირდება, თუმცა შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ მაცივარში, დილით კი გემრიელი, დიეტური და სასარგებლო საუზმე მზად დაგხვდებათ. 

რა შემთხვევისას აქვს ჩიას უკუჩვენება?

ჩიას თესლის ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდირებული. ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში ჩიას რეგულარული მიღება რეკომენდირებული არ არის რადგან ამცირებს არტერიულ წნევას. ასევე იგი აძლიერებს ანტიკოაგულაციური (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) მედიკამენტების მოქმედების ეფექტს, შესაბამისად ანტიკოაგულაციური მედიკამენტებით მკურნალობის პროცესში უმჯობესია ჩიას თესლის რეგულარული მიღებისგან თავის შეკავება რათა არ მოხდეს სისხლდენის პროვოცირება. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×