რეზონანსი
14.06.2020

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ყავა ჩვენი თანამედროვე დინამიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.  უაღრესად სწრაფი რითმი, რითაც ჩვენი ყოველდღიურობა ხასიათდება, ენერგიის აღდგენის აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. ხშირად ასეთ დროს ყავა ერთადერთი გამოსავალია.

დღეს მსოფლიოში ყავის ბუმია, არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ამიტომაც გურმანები ტრადიციული დილემის წინაშე დგანან: ყავა - ნალექიანი თუ ხსნადი?

ჩვენი გაზეთის მკითხველებს პასუხობს კლინიკა ენმედიცის ექიმი-ენდოკრინოლოგი თამარ ჩადუნელი.

რამდენად სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის?

კვლევებით ცალსახად დასტურდება ყავის სარგებელი გარკვეული დაავადების პრევენციისათვის, როგორიცაა ალცჰაიმერის, პარკინსონის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ყავა ამცირებს ღვიძლის ციროზის და ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარების რისკსაც.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ყავა მაღალი დოზით შეიცავს ანტიოქსიდანტებს და საჭირო ნუტრიენტებს, როგორიცაა B2 ვიტამინი (რიბოფლავინი), B3 ვიტამინი (ნიაცინი), B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა), მაგნიუმი, კალიუმი, ანტიოქსიდანტები. მისი შემადგენლობა დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი თავს იკავებს ყავის მიღებისგან

არის მდგომარეობები, როცა ყავის მიღება არ არის სასურველი. არითმიის, ჰიპერტონული დაავადების (მაღალი არტერიული წნევა) დროს დიდი რაოდენობით ყავის მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან კოფეინის შემცველობის გამო ყავა აჩქარებს გულისცემას და მაღლა სწევს არტერიულ წნევას. 

ზომიერი რაოდენობით ყავის მიღება, რა თქმა უნდა, არ იზღუდება. დღის განმავლობაში შესაძლებელია 2-3 ფინჯანი ყავის მიღება, მაქსიმუმ 4 ფინჯანი დღეში. თუმცა, რეკომენდირებული დღიური დოზა განისაზღვრება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყავაში კოფეინის შემცველობით. 

კოფეინის დღიური ნორმა ზრდასრული პირებისთვის 400 მგ, ხოლო ბავშვებისთვის 75მგ-ზე ნაკლებია. გასათვალისწინებელია, რომ კოფეინს ყავის გარდა საკმაო რაოდენობით შეიცავს: მწვანე და შავი ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილი გაზიანი სასმელები, შოკოლადი.  

ზოგადად ყავის მიღება არ არის რეკომენდირებული უზმოდ და დღის მეორე ნახევარში. უზმოდ მიღებული ყავა ხშირად გასტრიტის მიზეზია, ხოლო ყავის საღამოს მიღებისას უარესდება ძილი. 

ყავასთან მიმართებაში ჩნდება ტრადიციული კითხვა - ნალექიანი თუ ხსნადი?

ცალსახა პასუხია ნალექიანი, რამდენადაც ნალექიანი ყავა ნატურალურია. ნატურალური ყავა ხელს უწყობს სეროტონინის წარმოქმნას, რომელიც აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიულ განწყობას. 

კოფეინის შემცველობაც ნალექიან ყავაში უფრო მეტია, ხსნადი ყავისგან განსხვავებით. კოფეინი ყავის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს. კოფეინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ზრდის ენერგიის დონეს ორგანიზმში. კოფეინის დამსახურებით ყავა აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მეხსიერებას, განწყობას და ზრდის ენერგიას. ეფექტურია დეპრესიის დროსაც, აუმჯობესებს ზოგად ფსიქო-ემოციურ ფონს. კოფეინი აძლიერებს მეტაბოლიზმს დაახლოებით 5-10%-ით, შესაბამისად ყავა ეფექტურია ცხიმის წვისთვისაც და დიეტის დროს საპატიო ადგილი უკავია. 

ამასთან თუ ყავას დარიჩინით მივირთმევთ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი). დარიჩინი ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის და ქოლესტეროლის მოწესრიგებას და ეფექტურია წონის კლების პროცესში. 

რაც შეეხება ხსნად ყავას, მზადდება ნატურალური ყავის კონცენტრირებული ექსტრაქტიდან. ხსნადი ყავის გრანულების მისაღებად ყავის მარცვლები იხალება, იფქვება და იხარშება. მიღებული ფხვნილის ვაკუუმში გაშრობის შედეგად მიიღება ხსნადი ყავის გრანულები. ამ ეტაპების გავლისას ყავა თავისთავად კარგავს სასარგებლო თვისებებს. გარდა ამისა ხსნად ყავას დამატებული აქვს ხელოვნური საკვები დანამატები გემოს და არომატის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად ხსნადი ყავა სასარგებლო თვისებებით ნამდვილად ჩამორჩება ნალექიან ყავას.  

ნალექიანი ყავის სარგებლიანობის მიუხედავად ასევე სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნალექიანი ყავა აუარესებს კუჭის ლორწოვან გარსს, აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას და წყლულოვანი დაავადების დროს შესაძლოა დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. 

ჩივილების შესამცირებლად უმჯობესია ნალექიანი ყავის მიღების შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება, რაც გარკვეულწილად გაანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავიანობას და შეამცირებს კუჭის დაზიანებას. 

რა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხსნად ყავაზე?

თუ ადამიანს აწუხებს კენჭოვანი დაავადება (ნაღველ კენჭოვანი ან თირკმელ კენჭოვანი დაავადება) უმჯობესია თავი შეიკავოს დიდი რაოდენობით ნალექიანი ყავის მიღებისგან და არჩევანი ხსნად ყავაზე გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში ნალექიანი ყავა რომ არ გახდეს კენჭოვანი დაავადების გამწვავების მიზეზი, უმჯობესია ყავასთან ერთად წყლის მიღება. 

ასევე კარგია თუ არჩევანს აპარატის ყავაზე გავაკეთებთ, რომლის მომზადებისასაც ნალექი ფილტრის დახმარებით არ ერევა მისაღებ ყავას. ზოგადად ყავის სარგებელი დამოკიდებულია მის ხარისხზე. კარგი ხარისხის როგორც ნალექიანი, ასევე ხსნადი ყავა, ზომიერი რაოდენობით საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. 

რამდენად მართებულია გავრცელებული მოსაზრება, რომ ყავა იწვევს არტერიული წნევის მატებას?

ზოგადად ნებისმიერ ყავას აქვს შარდმდენი ეფექტი, შესაბამისად ეს ფაქტორი გადამწყვეტია, მიუხედავად იმისა რომ თავიდან იწვევს არტერიული წნევის მომატებას. შემდგომში სითხის დანაკარგის ხარჯზე ქვეითდება არტერიული წნევა, ამიტომ თუკი რეგულარულად მოვიხმართ ყავას აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება ნორმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად. ყავის შემადგენელი კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს ორგანიზმში, რის ფონზეც იმატებს არტერიული წნევა საშუალოდ 7-13 მმ.ვწყ.სვ-ით იმატებს გულისცემის სიხშირე, შემდგომში კი გაზრდილი დიურეზის ფონზე (შარდმდენი ეფექტი) არტერიული წნევა კვლავ მცირდება. ყავის მიღება არტერიული წნევის ხანმოკლე პერიოდით მომატებას იწვევს როგორც ჰიპერტონული დაავადების მქონე, ისე ჯანმრთელ პირებში. 

P.S. კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგ თამარ ჩადუნელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე 598 51 55 00

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×