რეზონანსი
22.02.2023

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა 22 წლის ბადრი ჭუმბურიძის ფოტო, რომელიც უკვე 5 წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს და მისი დამსახურებით, დედაენის ბაღი სუფთა და მოწესრიგებულია.

„პრაიმტაიმი“ ახალგაზრდის შესახებ დაინტერესდა და გავარკვიეთ, რომ ის ტრანსგენდერი ქალი ელენაა: „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობა 2019 წლიდან დავიწყე. დედაენის ბაღში უკვე მესამე წელია, რაც ვმუშაობ. მუშაობას რომ ვასრულებ, სახლში ვბრუნდები და მომდევნო დღისთვის ვემზადები.

მანამდე, ერთ-ერთ ხინკლის სახლში ვმუშაობდი, დღეში თითქმის 16 საათს, 20 ლარად. ეს მონობაა. ფიზიკურად და მორალურად ძალიან დავიღალე და წამოვედი. ამის შემდეგ მეგობარმა დასუფთავების სამსახურში წამიყვანა.

- როგორ გახდა ბადრი ელენა, რა გზა გაიარეთ?

- ეს ბავშვობაში აღმოვაჩინე. 10 წლიდან თავს ტრანსგენდერი ქალად მივიჩნევ. დასავლეთის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ თბილისში ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა, მრცხვენოდა, არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი რა როგორ გამეკეთებინა. არ მქონდა სამოსის, პარიკის და კოსმეტიკის ყიდვის საშუალება. ამიტომ ბიჭის ფორმით მიწევდა ცირკთან დადგომა. არ მქონდა მაკიაჟი, არ მეცვა კაბა და ვიდექი როგორც ბიჭი. ამის გამო დიდი ბულინგი წამოსულა, ტრანსგენდერი ქალობის შენ რა გეტყობაო. მანქანებიდან ხშირად უსვრიათ

შუშის ბოთლები, ქილები, არ მომხვედრია, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გადავრჩენილვარ. ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლიც...

ოჯახმა ჩემი განსხვავებული ორიენტაცია ვერ მიიღო. პოლიციასაც კი მივმართე ამის გამო. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოცმუშაკებს მივმართე. სოციალურმა სააგენტომ ბავშვთა სახლში გადამიყვანა, სადაც 4 წელი ვცხოვრობდი. 18 წლის რომ გავხდი, ბავშვთა სახლიდან წამოვედი. ამ დროს ოჯახიც შემირიგდა, 4 თვე მათთან ვიყავი. შემდეგ თბილისში წამოვედი...

ახლა მშობლებთან და დასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მართალია, ჩემს ორიენტაციას ვერ ეგუებიან, მაგრამ იძულებულები არიან მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. ბავშვობაში ეპილეფსია მქონდა, დედას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს გამოჯანმრთელებაში. ყველაფერი გააკეთა, რომ განვკურნებულიყავი.

ქირურგიული ჩარევებისთვის ჯერ მიმიმართავს, მხოლოდ ეპილაციას ვიკეთებ. ვაპირებ, ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციას, რომ ჩავიტარო გამოკვლევები და ჰორმონალური მედიკამენტების მიღება დავიწყო“ - თქვა ელენამ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×