რეზონანსი
28.02.2023

ბიზნესმენ ზურა ლეჟავას საზოგადოება ემშვიდობება. ნინო სუხიშვილის მეუღლეს 1 მარტს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბიზნესმენი წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძლიერ დაშავდა. როგორც ზურას მეგობარი, ყოფილი კულტურის მინისტრი, სესილი გოგიბერიძე ამბობს, ისე გარდაიცვალა, ნოემბრის შემდეგ გონს არ მოსულა...

"ჩვენ 53-ე სკოლაში ვსწავლობდით. ზურა ჩემი ძმის მეგობარი, მისი მეჯვარე და ჩემი ძმისშვილის ნათლიაა. ჩვენი მეგობრობა ბევრი ათეული წლის მანძილზე არასდროს შეფერხებულა. ერთად მოვდიოდით. ამდენად ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა ეს ამბავი. ზურა მთელ თაობაში გამორჩეული იყო. სულ საინტერესო იდეები ჰქონდა. არასდროს ჩერდებოდა. ყოველთვის ახლის ძიებით იყო შეპყრობილი. 90-იან წლებში ზურა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამერიკაში წავიდა, დასახლდა და ბიზნესი ააწყო. ატლანტაში ძალიან დიდხანს ცხოვრობდა. სხვადასხვა პროექტებს ახორციელებდა.ძალიან შეძლებული ადამიანი იყო, იქ ქართველებისთვის მისი სახლის კარი ღია იყო. არაერთი სტუდენტისთვის შეუწყია ხელი. მეგობრები ყველა ჩაიყვანა და ამერიკა გააცნო.

ირველი ოჯახი ამერიკელ ქალბატონთან შექმნა. მათ ქორწილში ვიყავი. ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.  შემდეგ ნინო სუხიშვილზე იქორწინა, რომელსაც ჩვენს თაობაში არაერთი ბიჭი ეტრფოდა...

როცა საქართველოში დაბრუნდა, წყნეთში ულამაზესი სახლი ააშენა. წყნეთში ბევრი სახლი აშენდა და გარედან ისეთი გალავნები არტყია, ჩიტი ვერ გადაფრინდება. არქიტექტურის დათვალიერების და ტკბობის საშუალება არ გაქვს. ზურამ სახლს ღობე არ გაუკეთა და გარს ბუჩქები შემოარტყა. გახსნილი ადამიანი იყო და კარ-მიდამოც ასეთი გახსნილი ჰქონდა.

 ეს ტრაგედია მის სახლთან ახლოს მოხდა, ეს თავზარდამცემი ამბავი. "სქროლის" მოდერნიზებული სატრანსპორტო საშუალება შეიძინა და იმით გადაადგილდებოდა. ვარჯიშობდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა. როგორც ვიცი, წონაში დაიკლო და ეს ტრანსპორტიც ახალი შეძენილი ჰქონდა. 59 წლის იყო, თუმცა ახალგაზრდულად შემართული. უყვარდა სისწრაფე. მახსოვს, ჰყავდა "პორშე" და წყნეთში ხომ მოდიხარ, წაგიყვანო, ერთხელ შემომთავაზა. გამიხარდა, კომფორტული მანქანით წავალ-მეთქი. ისეთი სისწრაფით მატარა წყნეთის მოსახვევებში, ვუთხარი, ეს არის ჩემი ბოლო ჩაჯდომა შენ მანქანაში-მეთქი.

სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია დატრიალდა. სქროლით ხევში გადავარდა, ძლიერ დაიმტვრა. ფუძის მოტეხილობაც ჰქონდა. ისე გარდაიცვალა, ნოემბრის შემდეგ გონს არ მოსულა. ვიცოდი, რომ პირველი დღიდან უიმედო მდგომარეობაში იყო. დიდი დაზიანება ჰქონდა...

შვილები არ ჰყავს, ჰყავს ძმისშვილები და მოხუცი მშობლები, ექიმები, შესანიშნავი ადამიანები... ამ ტრაგედიის აღქმა ძალიან მიჭირს", - განუცხადა "პრაიმტაიმს" სესილი გოგიბერიძემ.

პრაიმტაიმი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×