ელზა პაპოშვილი
26.08.2020

პანკისის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია, უხუცესები და სამოქალქო აქტივისტები ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების შერიგებას კვლავ  უშედეგოდ ცდილობენ. ხეობაში ორ გვარს შორის სისხლის აღების საფრთხე კვლავ არსებობს. 

პანკისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო რუსლან ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლო სხდომა ბრალდების და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოკლული ახალგაზრდის ნათესავები ამბობენ, რომ ეს არ არის იმ დანაშაულის ადეკვატური სასჯელი, რაც მათ ჩაიდინეს, ამიტომაც სისხლის აღებაზე უარს არ ამბობენ. 

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი. მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.  

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ამ ორი გვარის შესარიგებლად მთელი ხეობაა ჩართული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანიდან პოზიტიური სიგნალები არ მოდის. გვარები შერიგებაზე უარს აცხადებენ და სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება. მათივე ინფორმაციით ქავთარშვილების მხრიდან სურვილი და მზადყოფნ შერიგებაზე უფრო ჩანს, თუმცა გარდაცვლილი მუთოშვილის ახლობლები კატეგორიულად წინააღმდეგები არიან. 

„ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ხეობაში უხუცესებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც ცდილობენ, რომ ეს ორი გვარი შეარიგონ. ქავთარაშვილების მხრიდან მზადყოფნა უფრო ჩანს, მაგრამ მუთოშვილები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. სასამართლო განაჩენის მიუხედავად ისინი სისხლის აღებაზე მაინც საბრობენ. 

მსგავსი დაპირისპირება ხეობაში ადრეც ყოფილა და გვარების შერიგებას წლები დასჭირვებია. იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდება. თუმცა მუთოშვილების გვარმა შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი  ძალაში დატოვა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

დაკავებულთა უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ დაჭრილი პირის მიმართ ხანგოშვილს არ გაუსვრია. ხოლო ქავთარაშვილს განზრახ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია.

ორ გვარს შორის შერიგების ერთ-ერთ ასეთ მცდელობას  ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც ესწერბოდა. ამ შემთხვევაშიც მუთოშვილების ოჯახმა შერიგებაზე უარი კატეგორიულად თქვა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×