ელზა პაპოშვილი
16.09.2020

იმის ფონზე, რომ ქართულმა რაგბიმ უპრეცედენტო აღიარებას მიაღწია და დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს ნაკრები ახალი ფორმატით დაგეგმილი 6 ერის გათამაშებაში - „8 ერში“ უნდა ჩაერთოს, ქართული რაგბის ხელმძღვანელობაში მწვავე შიდა დაპირისპირებაა, რომელსაც ოთხშაბათს უკვე კრიმინალური დანაშაული მოჰყვა - წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ 7-კაცა რაგბის ნაკრების ყოფილი და ამჟამად იუნკერების გუნდის ხელმძღვანელი რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. 

ხარაზიშვის ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია ჩაუტარდება. მედიკოსები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ოპერაცია, სავარაუდოდ, მაინც დასჭირდება. 

დაპირიპირების მიზეზი კი ჯერ უცნობია. ზუსტად რამ გამოიწვია  მათ შორის კონფლიქტი, ამაზე მედიასთან არავინ საუბრობს. 

„რეზონანსი“ კავშირის ყოფილ პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ მანაც მედიით შეიტყო. ის ორი თვეა რაგბის ფედარაციიდან წამოვიდა და არ აქვს ინფორმაცია იქ განვითარებულ მოვლენებზე. 

სვანიძე ამბობს, რომ ხარაზიშვილსა და ბესელიას შორის ადრე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ახლა რა მოხდა, მისთვის გაუგებარია. 

„ინფორმაცი მეც მედიით შევიტყვე და რეალურად რა და როგორ  მოხდა არ ვიცი. უკვე ორი თვეა, რაც რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი არ ვარ და იქ რა ხდება, ინფორმაციას არ ვფლობ. ამ ადამიანებს შორის ადრე დაპირისპირება არ ყოფილა, არც რაიმე კონფლიქტი მახსენდება. ამიტომაც გასაკვირია რა მოხდა. მეც გარკვევის პროცესში ვარ და ვერფერს გეტყვით“, - ამბობს სვანიძე „რეზონანსთან“.

„რეზონანსს“ მომხდარს რაგბის კავშირშიც უდასტურებენ და ამბობენ, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. 

რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როოგრც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის 118-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე - იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა. 

სხვა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ. უცნობია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე და არის თუ არა ვინმე დაკავებული.

სავარაუდოდ მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებსაც სამართალდამცველები კითხავენ.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, რაგბის კავშირში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დროებით მმართველად თორნიკე გოგებაშვილი დაინიშნა. თორნიკე გოგებაშვილი კავშირის გამგეობამ დროებით მმართველად 20 აგვისტოს აირჩიეს. მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა გიორგი გორგასლიძემ დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×