ელზა პაპოშვილი
21.01.2021

გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაზე ბრალდებულების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. უწყებამ საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა. 

ფარული ჩანაწერში, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყანა, ივერი მელაშვილი საკუთარ კაბინეტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარეს, მალხაზ მიქელაძეს საქმის დეტალებსა და საზღვრის კონკრეტულ მონაკვეთებზე ესაუბრება. 

მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში მიქელაძე მელაშვილს ეუბნება, რომ რუკაზე საზღვარი სხვაგვარად ხატია და იქვე ეკითხება, ხომ არ ახსენდება ისეთი გასწორება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო, რაზეც მიქელაძე პასუხობს, „არ არიან მაგის ჩიტები ეგენი.“

მელაშვილი-მიქელაძის საუბრის ფრაგმენტი, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო-აუდიო მასალიდან: 

მელაშვილი: საერთოდ არ მინდოდა, მაგ მონაკვეთს საერთოდ ნუ შევეხებით, მე ვუთხარი ეს ეხლა არა, მერე იქნება განხილული.

მიქელაძე: რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ... სადმე ასეთი გასწორება, ხომ არ გახსენდება, რომ აზერბაიჯანს ტერიტორია დაეთმო?

მელაშვილი: არ არიან მაგის ჩიტები ეგენი. ვერ იღებს გადაწყვეტილებას როგორ უნდა დათმოს... კომისიის თავმჯდომარე მოხსნეს, არ გაულახავთ მაგათ ექსპერტები, თორემ სხვა არ დააკლეს არაფერი

მიქელაძე: რატო მივეცით ეს ტერიტორია, რა მუღამი იყო.“ 

საზოგადოების მანიპულირება და შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებს კარტოგრაფების ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს. ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ დაცვის მხარეს ხელი შეუშალა საკუთარი ფუნქციის განხორციელებაში იმ კუთხით, რომ ჩანაწერები მათთვის არ გადაუცია. გარდა ამისა, მშვენიერაძე ამბობს, ორ მასალა მონტაჟია და ის, რაც გასაჯაროვდა, სრულ ვერსია არ არის:

„ეს ჩანაწერი არ არის სრული ვერსია, ეს არის მონტაჟის შედეგი. მნიშვნელოვანია რომ პროკურატურას ეს მტკიცებულება ჰქონდა მოპოვებული პირის დაკავებამდე და ისე დაასრულა გამოძიება, რომ ჩვენ მხარეს ეს მტკიცებულება არ გადასცა, რითაც დაბრკოლებები შექმნა დაცვის უფლების ეფექტიანად განსახორციელებლად,-" ამბობს მშვენიერაძე

გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვა, სავარაუდოდ, ტელეფონზე საუბრობს. აუდიოჩანაწერში ილიჩოვა მამაკაცს ესაუბრება, რომლის ვინაობაც უცნობია. 

ნატალია ილიჩოვა: მე რომ წინასწარ მცოდნოდა, სახლის კომპიუტერს გამოვიტანდი სახლიდან, მე შემეძლო ეს გამეკეთებინა ხომ?

მამაკაცი: არ თქვა, არ თქვა ხმამაღლა ეგ, არ შეიძლება.

ნატალია ილიჩოვა: იქ ძალიან ბევრი საარქივო მასალა იყო, ძალიან ბევრი.

მამაკაცი: იქ არის ისეთი რამე, არ ვიცი რომ ვინმემ ნახა?

ნატალია ილიჩოვა: იქ არის აზრები, იქ არის მოსაზრებები.

მამაკაცი: ვისი აზრები, მოსაზრებები?“

უწყების ცნობით, აღნიშნული ჩანაწერი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზეა მომზადებული. 

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე ამ ჩანაწერებში ვერ ხედავს ისეთს, რამაც, შესაძლოა, საქმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს.

„ნატალია ილიჩოვა 23 წამიან ჩანაწერში საუბრობს იმ საარქივო მასალაზე, რომელიც რომელიღაც კომპიუტერში არსებობს და ამბობს, რომ მას შეეძლო ამის გამოტანა. მე ვვარაუდობ, რომ ეს არის დაკითხვის შემდეგ გაკეთებული ფარული ჩანაწერი. აქ მე საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავ ისეთს, რამაც, შესაძლოა, საქმეზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. ადამიანი ამბობს, რომ მას შეეძლო რაღაც საარქივო დოკუმენტების აღება, დარწმუნებული ვარ, ეს იმისთვის თქვა, რომ მისი პოზიცია უკეთ დაესაბუთებინა. შესაბამისად, ამ ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანსაც ვერ ვხდები, რისი თქმა უნდა ამით პროკურატურას, არ ვიცი,“ - აცხადებს ადვოკატი. 

გენერალური პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეო-აუდიო მასალების გამოქვეყნებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. ლიდერების განცხადებით, ამ მასალებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს.

„ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეზე და რომ ეს საქმე არის მთლიანად შეკერილი პოლიტიკური მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ. ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას პატიოსანი სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ ეს მოხდა სასამართლოს განჩინების მიხედვით, თუმცა დარწმუნებული ვარ არანაირი სასამართლო განჩინება არ არსებობდა, მხოლოდ პოსტფაქტუმ იქნება ამგვარი განჩინება მოპოვებული, თუ ის საერთოდ ბუნებაში არსებობს, რაც თავისთავად არის დანაშაული,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, დავით გარეჯის საქმე შეთითხნილი და პოლიტიკურ პიარზე ორიენტირებულია.

„ვიდეო ჩანაწერი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორი შეთითხნილია ეს საქმე და პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული, იმიტომ რომ ამ ჩანაწერში აბსოლუტური სიზუსტით მეორდება ის პოზიცია, რაც აქვს ივერი მელაშვილს და აქ ჩვენ ვისმენთ მოლაპარაკების ტაქტიკაზე, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მოლაპარაკების ტაქტიკა. ჰგონიათ, რომ რაღაც ვიდეო ჩანაწერს, რომ გამოაქვეყნებენ, ეს ავტომატურად რაღაც შთაბეჭდილებას მოახდენს, მაგრამ ეს კიდევ უფრო ასუსტებს რეალურად ბრალდების მხარეს,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.  

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ლეგიტიმურია. ამ ჩანაწერებში ნათლად ჩანს მინიმალური ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა სხვა პირთა თანამონაწილეობასთან გვქონდეს საქმე და ზემდგომი ორგანოების თუ პირების მიერ დანაშაულებრივ ჩარევასთან.

„თუმცა, ეს მხოლოდ ეჭვია, ამის იქით მე ვერ გავწვდები ამ შეფასებას. დანარჩენი გამოძიების საქმეა. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ ჩანაწერები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავის დროზე საქმე გვქონდა საქართველოს საწინააღმდეგო, ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან, რასაც არ აკეთებდნენ მაშინ ჩვენი აზერბაიჯანული მეგობრები, სამწუხაროდ აკეთებდნენ ჩვენი წარმომადგენლები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეს  წერტილი საბოლოოდ სასამართლომ უნდა დაუსვას.

„პოლიტიკურ ასპექტს თუ გავუსვამთ ხაზს და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია შეიძლება იქნეს გასხვისებული რაღაც გაურკვეველი ჩვენთვის დღემდე მიზეზით. ეს არის ის ფაქტი, რომელიც მე მგონია, რომ ვერანაირად ვერ იქნება შერყეული, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველაფერს საბოლოოდ წერტილი სასამართლომ უნდა დაუსვას,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ბარნაბა ხონელიძე   (22.01.2021)
ეს ორი იდიოტია ნამდვილად.დაასახელონ ის ნათესლარები ვინც უბრძანეს მათ ეს დავალება და განთავისუფლდებიან ან არადა თავს დაიღუპავენ.

მედეა   (22.01.2021)
ნათელია,რომ კარტოგრაფებმა იცოდნენ საქართველოს ტერიტორიებს რომ უცხო ქვეყანას უფორმებდნენ! ესაა უპატიებელი დანაშაული. აზერბაიჯანელმა არ იკადრა---ამათმა კი დაუნანებლად დათმეს წინაპრების სისხლით მორწყული მიწა. ადვოკატებო, ნუ იცავთ მათ!


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )