სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართულ განათლებაში "გერმანული სისტემა" შემოდის
    მარი ოთარაშვილი
    (10.03.2010)

    სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცდა ყველა ძირითად საგანში; ატესტატისთვის დაკარგული მნიშვნელობის მინიჭება და, ასევე, სასკოლო გამოსაშვები გამოცდის მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად - ამგვარ სისტემას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლის დასაწყისში შემოიღო გაისად ასამოქმედებლად, ქართველი მეცნიერ-აკაკდემიკოსები გერმანულ სასწავლო სისტემას ამსგავსებენ და იწონებენ კიდეც. თუმცა, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, ინიციატივას გარკვეული ხარვეზებიც აქვს.
    2010 წლიდან თუკი სკოლადამთავრებული აპირებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, რეგისტრაციას საგამოცდო ცენტრში გადის. რეგისტრაციისას უთითებს, რომელ ფაკულტეტზეც გეგმავს სწავლის გაგრძელებას. სარეგისტრაციო ფურცელს ავსებს და რეგისტრირდება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ გამოცხადდება საგამოცდო ცენტრში. მიიღებს პლასტიკურ ბარათს, სადაც იქნება მითითებული, რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს, რომელ საათზე და ა.შ. შემდეგ კი, ივნისში, საგამოცდო ცენტრში ჩააბარებს გამოცდებს.
    სკოლადამთავრებული აბარებს გამოცდას ყველა აუცილებელ დისციპლინაში, რომელიც მთელი 12 წლის განმავლობაში გაიარა. თუ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს საწავლებელში აპირებს, აბარებს გამოცდას აუცილებლად ზოგად უნარებში, ქართულ ენასა და ერთ უცხო ენაში (გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ მოსწავლეს 2 უცხო ენის ჩაბარება მოუწევს იმიტომ, რომ სასწავლო გეგმით სავალდებულოა 2 უცხო ენის ცოდნა); ასევე, აბარებს მათემატიკას, ისტორიას, ქიმიას, ფიზიკას და ა.შ. და ამით სრულდება საგამოცდო პროცესი. თუ ყველა საგნის გამოცდაში გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (რამდენი იქნება, ჯერ განსაზღვრული არ არის), მაშინ ავტომატურად ეძლევა ატესტატი. თუ ატესტატი ვერ მიიღო, ბუნებრივია, ვერ ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში. თუკი ყველა საგანში გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიიღო ატესტატი, ხელმეორედ არც ერთ გამოცდას აბიტურიენტი აღარ ჩააბარებს. თუ განაცხადი გააკეთა კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელსა და კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად, რამდენადაც ყველა ფაკულტეტს წინასწარ განსაზღვრული აქვს, აბიტურიენტის ცოდნას რომელ საგნებში მოითხოვს. მას აქვს 4 სავალდებულო გამოცდა: ზოგად უნარებში, ქართულში, უცხო ენასა და ფაკულტეტის შესაბამის მეოთხე საგანში.
    რა ხდება ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში, როგორ იღებს ატესტატს სკოლადამთავრებული და როგორ ხდება უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი - "რეზონანსი" სწორედ ამის გარკვევას შეეცადა.
    გერმანიაში დამამთავრებელი გამოცდები ტარდება 5 საგანში და ამ ნიშნებს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში არის ფაკულტეტები, რომლებზედაც მაღალი კონკურსია და, შესაბამისად, მხოლოდ მაღალნიშნიანები ხვდებიან.
    დამამთავრებელი გამოცდები (ანუ აბიტური) არის როგორც წერითი, ასევე ზეპირი. 15 ფედერაციულ მიწაზე დამამთავრებელი გამოცდები ცენტრალიზებულია (ანუ ცენტრალური აბიტური ჰქვია), რაც ნიშნავს იმას, რომ წერითი გამოცდების ტესტის შედგენა და შემდგომში მისი შესწორებაც კულტურის სამინისტროს საქმეა. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მეთექვსმეტე ფედერაციული მიწა, რაინლანდ-პფალცი, რადგან მას საკუთარი დამამთავრებელი გამოცდები აქვს. ცნობისათვის, გერმანიაში სასკოლო სისტემა, კულტურა და საბავშვო ბაღები ერთ უწყებას, კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. საკუთრივ განათლების სამინისტროს ფუნქციებში კი შედის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის განვითარება; ნიჭიერი სტუდენტების დახმარება; გაცვლითი სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელობა და ა. შ.
    გერმანიაში ზეპირი გამოცდების რაოდენობა განსხვავებულია და სკოლაზეა დამოკიდებული. აბიტურიენტს, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლია საგანში ნიშნის გამოსწორების მიზნით დამატებითი ზეპირი გამოცდაც მოითხოვოს.
    ზეპირი საგამოცდო კომისია 3 მასწავლებლისგან შედგება. კერძო სკოლებში კი ყურადღების მისაქცევად დამატებით იგზავნება რომელიმე სახელმწიფო მოხელე გამოცდაზე.
    წერითი გამოცდები ტარდება გერმანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენაში (პირველი უცხო ენაა), მეორე უცხო ენა (არჩევითია), და რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანში.
    ესპანეთში სასკოლო განათლების 3 საფეხურია: დაწყებითი სკოლა (6-12 წლამდე), საშუალო სკოლა (12-17 წლამდე); ესპანეთში არ არის განსხვავებული სკოლის ტიპები (გიმნაზია და ა.შ.). არსებობს საშუალო სკოლა. მეათე კლასის დამთავრების შემდეგ ესპანეთში მოსწავლე იღებს საშუალო სკოლის ატესტატს, რომლის საფუძველზეც შეუძლია გააგრძელოს სწავლა ტექნიკუმში ან სკოლის უფრო მაღალ საფეხურზე, სადაც აბიტურს (ამ შემთხვევაში მოსამზადებელ კურსებს) გაივლის. აბიტურისთვის მომზადება 2 წელი გრძელდება. მოსწავლე ირჩევს მიმართულებას, რომელშიც შემდგომში დამამთავრებელ გამოცდებს ჩააბარებს. ეს მიმართულებები შემდეგ 3 საგანში იკვეთება: ხელოვნება, საბუნებისმეტყველო საგნები, ჰუმანიტარული და სოციოლოგიური საგნები. შერჩეული განხრით შეუძლია აბიტურს შემდგომში სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში ან ტექნიკურ უნივერსიტეტში.
    იტალიაში დაწყებითი სკოლის საფეხური 1-5 კლასს მოიცავს, მეორე საფეხური 6-8 კლასებია. ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აპირებს, მე-8 კლასის შემდეგ გიმნაზიას, ან ტექნიკუმს უნდა მიაშუროს.
    ესპანეთის უნივერსიტეტში მისაღები წინაპირობაა "სამე დი სტატო" ანუ იგივე აბიტური, რომლის მოპოვებაც მოსწავლეს გიმნაზიაში 12-წლიანი სწავლის შემდეგ შეუძლია. არის ფაკულტეტები, რომლებზედაც მაღალი კონკურსია, მაგალითად: არქიტექტურა და მედიცინა. ასეთ ფაკულტეტებზე მოხვედრის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აბიტურში მაღალი ნიშნები და გარდა ამისა, უნდა ჩააბარონ ტესტი, რომელიც სპეციალურად ასეთი ფაკულტეტებისთვის დგება.
    პოლონეთში სკოლის დამამთავრებელი გამოცდები არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მისაღები გამოცდები მაინც ტარდება და ეს საკითხი ჯერჯერობით გადასაწყვეტია.
    იგივე მდგომარეობაა საფრანგეთშიც: უნივერსიტეტები, რომლებშიც მაღალი კონკურსია, მისაღებ გამოცდებსაც ატარებენ.
    აკადემიკოსი თენგიზ სანაძე თვლის, რომ საქართველოს სკოლებში შემოსული ახალი საგამოცდო სისტემა გერმანულის მსგავსია;
    თენგიზ სანაძე: "გვიან, მაგრამ მაინც რომ დაინერგა სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში ასეთი რამ, ძალიან მისასალმებელია. ამით სკოლაში სწავლა იქნება და სკოლის შემდეგაც წესიერი გამოცდით მიღება - უმაღლეს სასწავლებელში. ეს ისეთივე სასწავლო სიტემაა, როგორიც იყო რუსეთსა და, საერთოდ, საბჭოთა კავშირში. ეს იყო გერმანული სკოლის ფორმატი და ძალიან სწორადაც გახლდათ შერჩეული. გერმანიაში სკოლის ნიშნებსაც აქვს მნიშვნელობა და მისაღებ გამოცდებში მიღებულ ქულებსაც. ჩემი ქალიშვილი გერმანიაში რომ აბარებდა, სკოლის ნიშნებსაც გადახედეს. ვინაიდან გერმანიაში 13-წლიანი სწავლებაა, ერთწლიანი კოლეჯის მსგავსი კურსები დაუნიშნეს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას კი კონკურსის დროს გამოცდები თავიდან კი არ ჩააბარა, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ნიშნებს გადახედეს. ანუ ჩვენი სისტემაც ასეა და ასეც უნდა იყოს."
    ქართული სასკოლო სტრუქტურის ზემოაღნიშულ რეფორმიზაციას იწონებს განათლების აკადემიკოსი ზურაბ ვახანია, თუმცა, როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ბევრი ხარვეზი აქვს.
    ზურაბ ვახანია: "ძალიან კარგი სასწავლო სისტემაა გერმანიასა და ისრაელში. ამ ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები ენდობიან სკოლას. ანუ ატესტატის ნიშანი არის მართლაც ზუსტი შეფასება სკოლადამთავრებულისა ამა თუ იმ საგანში. საქართველოში კი ატესტატის ნდობა (ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულ მომენტში) შეუძლებელია. 95 წლიდან ვწერდი, რომ ეს სისტემა, რაც ახლა დაინერგა, არის აუცილებელი. ჩემი აზრით, გამოცდები უნდა იყოს არა მარტო დამამთავრებელ კლასში, არამედ 6 კლასის შემდეგ ყველა საგანში, რადგან გამოცდების მარტო დამამთავრებელ კლასში შემოღება სწავლის ხარისხის ამაღლებას ვერ უშველის. დაწყებით კლასებში იმდენად ცუდია სწავლება, თუ არ ეცოდინება მოსწავლეს, რომ მას მოუწევს სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება, არაფერს არ იღონებს. ანუ ასეთი გამოცდების შემოღება ძალიან აუცილებელია. მაგრამ მას რამდენიმე ხარვეზი აქვს: აქ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენთან კარგად ვერ ადგენენ საგამოცდო ტესტებს. ამას მაღალი კვალიფიკაცია უნდა. ტესტოლოგია მთელი მეცნიერებაა და თუ ტესტების შედგენისას საჭირო ნორმებს ვერ დაიცავ, იმდენად ცუდ და არასანდო შედეგს მოგცემს, რომ სჯობს, სულ არ ჩაატარო ტესტირება. ანუ ტესტები უნდა იყოს მაღალკვალიფიციუირი. გარდა ამისა, საგანმანათლებლო სტანდარტებიც უნდა გადაიხედოს, რადგან უაღრესად ბუნდოვანია (ვერ გაიგებ, რა მოეთხოვება 6 კლასის მერე მოსწავლეს სავალდებულო საკითხების სახით) და მეორეც - ეს სტანდარტები ცუდია იმით, რომ ძალიან გადატვირთულია. მაშასადამე, თუ იქნება რეალისტური, მკაფიო სტანდარტები და კარგად შედგენილი ტესტები, ძალიან კარგი იქნება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter