თეონა ვეშაგური
22.10.2021

ქვეყანაში კვლავ კრიტიკულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ფონზე ისევ დაბალია აცრის მაჩვენებელი. სპეციალისტები არც ახალი შტამების წარმოქმნას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ საკმაოდ ხშირია სწრაფი და პისიარ ტესტირების შედეგად მიღებული ცრუ პასუხებიც.

„მცდარი პასუხები ხშირია არა მხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად - ანტიგენნეგატიური და პისიარ-ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია. ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს, ე.ი. რომელიღაც სხვა რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს.

„ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს - გაციება ყველა შემთხვევაში არის რომელიღაცა ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს.

„ამიტომ, მიუხედავად იმისა, ტესტი რას აჩვენებს, თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები: ახველებს, აქვს სურდო და ნამდვილად გრძნობს თავს ავად, აქვს ინფექცია, უნდა მოერიდოს სხვებს - ეს არის მარტივი წესი," - განაცხადა ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგემ მაია ბუწაშვილიმა „დღის კურიერის" ეთერში.

ამასთან ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში მეხუთე ტალღის პიკი იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული პროგნოზები ყოველთვის რაღაც ვარაუდებს ეყრდნობა და ძალიან ხშირად საერთოდაც არ მართლდება ხოლმე. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს, მით უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს, გავრცელება მატულობს ხოლმე და ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელი იქნება მატება ნოემბერში, თვის ბოლომდე," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალვინა ჯავახაძემაც. ის გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც წარმოიქმნას.

„მე არ გამოვრიცხავ, როგორც ინფექციონისტი, თუმცა ამაში ეპიდემიოლოგები უფრო მეტად კომპეტენტურები არიან და ალბათ, გარკვეულ ოპონირებასაც გამიწევენ, საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, სექვენირება არ მომხდარა," - განაცხადა მალვინა ჯავახაძემ „დღის კურიერის" ეთერში.

22 ოქტომბრის მონაცემებით, ჩატარდა 49 960 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×