ელზა პაპოშვილი
30.03.2022

ტერაქტის მცდელობა თუ შურისძიება - ზუგდიდში პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა, რომლებიც ავტომობილის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდნენ.  

ისინი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ აიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით კი, მომხდარი ერთ-ერთ დაკავებულს და ავტომობილის მფლობელს შორის წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება. რის გამოც მეზობელმა მამაკაცის აფეთქება გადაწყვიტა. 

ის ამ დაპირისპირების გამო შურისძიებას ახლა გეგმავდა, თუმცა, ბრალდებულებმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები. ერთ-ერთი პირი სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ავტომობილში ამონტაჟებდა ასაფეთქებელ მოწყობილობას. პოლიციამ ადგილიდან  ხელყუმბარა ამოიღო. 

„პირის, რომლის აფეთქებას გეგმავდნენ, დიდი ხანია ზუგდიდში ცხოვრობს. ადგილზე როცა პოლიცია გამოჩნდა, ჩვენც ამის შესახებ მერე გავიგეთ. მეზობლები არიან და  ერთ კორპუსში ცხოვრობენ. ამბობენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ და რაღაცის გამო წარსულში ნაჩხუბრები ყოფილან. ახლა კი შურისძიების მიზნით მისი აფეთქება გადაუწყვეტია. 

„პოლიცია მაშინ დაადგა თავზე, როცა მეორე პირთან ერთად მეზობელს ავტომობილის ქვეშ ასაფეთქებელს უმონტაჟებდა. არ ვიცი, ავტომობილს ალბათ რომ ჩართავდა, აფეთქდებოდა. მასთან ერთად ალბათ მთელი უბანიც აფეთქდებოდა. რამ გაამწარა ასე და რაზე იყვნენ დაპირისპირებულები, არ ვიცით“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

ორივე დაკავებული ზუგდიდის დროებით მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გამომძიებლები შეეცადნენ მათგან ინფორმაციის მიღებას, თუმცა, მისცეს თუ არა ჩვენება, ჯერჯერობით, უცნობია. ავტომობილის მფლობელი უკვე გამოკითხულია.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×