თამთა ჩაჩანიძე
06.05.2022

ქვეყანაში კორონავირუსული სიტუაცია მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, რის გამოც ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკა აღარ ქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 100-150-ის ფარგლებში მერყეობს და სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა. შედეგად რეგულაციები ნელ-ნელა იხსნება, თუმცა სპეციალისტები კორონავირუსის ახალ შტამზე ისევ ალაპარაკდნენ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, საქართველოში მოსახლეობის 34%-ია ვაქცინირებული, რაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საკმარისი არაა თუ კვლავ გარკვეული მუტაციის რისკი იქნება.

„საქართველოში შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, სტაბილიზაციის ტენდენცია აშკარაა. შემთხვევების გამოვლენისთვის ტესტირება გრძელდება. დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 100-დან 150 შემთხვევას არ აღემატება. კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება ჯამური სტატისტიკა. კვლავ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და გაფართოება. ჩვენ დღეს მოსახლეობის 34% გვყავს ვაქცინირებული, რაც არ არის საკმარისი დაცვისთვის, თუ კვლავ იქნება გარკვეული მუტაციის რისკი," - აღნიშნავს გაბუნია.

მანამდე იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ მოხსნილი რეგულაციები პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს და კოვიდის ახალი მუტაციის გამოჩენასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არსებული მინიმალური შეზღუდვა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

„შეზღუდვებისა და აკრძალვების გარკვეულწილად შემსუბუქება ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენას უკავშირდებოდეს, ის მინიმალური შეზღუდვა, რომელიც ახლა ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

„ვგულისხმობ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებას. ჯერჯერობით, საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოსა თუ საქართველოში, პანდემია უახლოეს დღეებსა თუ კვირებში დასრულდება, ძალიან ნაადრევია. მეტი აქტიურობაა საჭირო ვაქცინაციის თვალსაზრისით", - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა, სახელწოდებით - XE. ის ომიკრონის ჰიბრიდული ვერსიაა და ორი შტამისგან - BA.1 და BA.2-ის კომბინაციისგან შედგება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის უფრო ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული შტამი. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ახლა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. სპოეციალისტები ამბობენ, რომ შტამზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში 15 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ბიბისი წერს, ჯანმო მიიჩნევს, რომ ქვეყნების ნაწილმა კორონავირუსის რეალური სტატისტიკა ვერ ან არ აწარმოა და ამგვარი შემთხვევები ოფიციალურად დადასტურებულ 5.4 მილიონზე გაცილებით მეტია.

გამოცემისვე ინფორმაციით, ინდოეთში, სადაც ოფიციალური სტატისტიკით კორონავირუსს 4.7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რეალური მაჩვენებელი 10-ჯერ დიდია და გლობალურად კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების მესამედი სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა 16 811 ადამიანი შეიწირა. დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა კი 1 637 200-ზე მეტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×