ელზა პაპოშვილი
09.05.2022

ასპინძაში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 36 წლის მამაკაცმა ნათლულის მამას ყელი გამოჭრა. 35 წლის მოქმედი სპეცრაზმელი სოსო მელიქიძე, კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ის გზაში სისხლად დაიცალა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივებს მომხდარზე საუბრი უჭირთ, თუმცა, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 

მათი ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო, ცოლზე და გერზე სისტემატიურად ძალადობდა. ცოლს სახლიდან გასვლის უფლება არ აძლევდა და ყველა მიზეზის გარეშე მასზე ძალადობდა. ქალმა მომხდარ მკვლელობამდე 10 დღით ადრე ბარგი ჩაალაგა და შვილთან ერთად ქმრის სახლი დატოვა. ამის შემდეგ კი მამაკაცმა მეგობარზე და ოჯახის ნათესავზე ეჭვიანობა დაიწყო. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ამის მოტივი არ ჰქონდა.  

ასევე ირკვევა, რომ დაკავებულმა მეგობარი მეგობრების თვალწინ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. დაკავებული ნადირაძის დედა ადასტურებს, რომ მის შვილს კონფლიქტი ცოლთან ჰქონდა და მკვლელობის მოტივიც სწორედ ეჭვიანობა გახდა. 

ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, ცოლის სახლიდან წასვლას მოკლულს აბრალებდა. 

„არ იყვნენ გაშორებულები, 10 დღის წინ ცოლმა ჩაალაგა ბარგი და წავიდა. კონფლიქტური ოჯახი იყო. ცოლს მუდმივად ეჩხუბებოდა. ამბობენ ცოლსაც სცემდა და მის შვილსაცო. გერი ჰყავდა და მუდმივად ჩხუბობდნენ. ძალიან კონფლიტური სიტუაცია ჰქონდათ. ეს ბიჭი ყოფილი სამხედროა. ერაყში იყო რამდენიმეჯერ. გოგოს  არსად ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ აძლევდა. ეჭვიანობდა და ამის გამო ყოველდღე ჩხუბობდნენ. ალბათ ამ გოგოსაც ყელში ამოუვიდა და წავიდა. არ ივიცი ამ ამბავს ნათლულის მამას რატომ აბრალებდა. შესაძლოა მასზე ეჭვიანობდა. კლასელები და ახლო მეგობრები იყვნენ. ", - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“. 

 საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა  დაარტყა მისსავე თანასოფლელს,  რომელიც მიყენებული დაზიანებებით  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.  

პროკურატურამ ბრალდებულს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ“   ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,-წერია განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×