ია აბულაშვილი
02.09.2022

„სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში დრამატულია, რადგან პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით არანაირი სიახლე არ არის და პარტიები ძველ მეთოდებს იყენებენ. დრამატული სიტუაციაა მედიაშიც, ფეოდალური ხანაა, ყველა ფეოდალს თავისი ტელევიზია აქვს, ციხესიმაგრის ნაცვლად. ამ ვითარებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, „ტოქსიკური პოლიტიკური ბაზარი" ჰქვია," - ასე აფასებს პოლიტიკური მარკეტინგის სპეციალისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„სიტუაცია ქართულ პოლიტიკაში დრამატულია, რადგან პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით არანაირი სიახლე არ არის და პოლიტიკური პარტიები ძველ მეთოდებს იყენებენ. ხელისუფლება ცდილობს, კონსერვატიულად მოიქცეს, დანის პირზე გაატაროს ქვეყანა და არავის აწყენინოს. ძნელია, ქვეყანა დანის პირზე გაატარო, როცა მუდმივად გიტევენ, ამიტომ ხელისუფლებას თავის განცხადებებში დაბნეულობა ეტყობა, არ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.

„რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტმარკეტინგის მიხედვით, ოპოზიციაში უნდა გამოვყოთ ორი სეგმენტი: ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და აგრძელებს კოოპერაციას და ოპოზიცია, რომელიც ფაქტობრივად არავისთან არ თანამშრომლობს, მათ შორის - არც საზოგადოებასთან და თავისას „მიერეკება". პოლიტიკური მარკეტინგის ენაზე მათ შეიძლება ვუწოდოთ „ველური ოპოზიცია", რომელიც წესებს არ ემორჩილება და ძველი იდეებით მოქმედებს.

„ფაქტობრივად, ოპოზიციას თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს, რადგან პოლიტიკა არის ალიანსი, ურთიერთობა, თანამშრომლობა. რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, საჭიროა ურთიერთობა და თანამშრომლობა, ანუ დღევანდელი ოპოზიცია ქვეყნის აღმშენებლობის პროცესიდან გათიშულია და აღარ არის ეფექტური. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის პოლიტიკური გასაღები ქვეყნის გარეთ ეგულება, ხელისუფლებას - ვაშინგტონში, ოპოზიციას კი - უკრაინის ფრონტზე, ხერსონის მიდამოებში, რაც არის ნონსენსი.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორებს ქართულ პოლიტიკაში, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან და ექსპერიმენტის სახით ხელისუფლება „ოცნების" ახალგაზრდებს გადააბარა, რისი დაჯერებაც არ უნდა ოპოზიციას. ოპოზიციას სურს, რომ მისი მოწინააღმდეგე იყოს ვეებერთელა და ძლიერი, რათა თავისი ფასი გაზარდოს, ამიტომ მუდმივად აცხადებს, რომ ებრძვის ოლიგარქს და არა ამ ბიჭებს, რომლებიც დღეს მართავენ ქვეყანას. ხელისუფლებასაც არ უნდა, დაიჯეროს რეალობა, გამრუდებულ სარკეში იხედება და მართლაც ჰგონია, რომ სააკაშვილს აქვს გავლენა შვეიცარიასა და ვაშინგტონზე. დრამატული სიტუაციაა მედიაში, ფეოდალური ხანაა, ყველა ფეოდალს თავისი ტელევიზია აქვს, ციხესიმაგრის ნაცვლად. ამ ვითარებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაშია, „ტოქსიკური პოლიტიკური ბაზარი" ჰქვია," - განაცხადა „რეზონანსთან" კახაბერ ჯაყელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×