სუსის კონტრტერორისტულმა ცენტრმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა.
კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით , ამ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერთან, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
ერთ-ერთი დაკავებული რუსთავში ცხოვრობს. ის ეროვნებით აზერბაიჯანელია. საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ადვოკატის ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული.
სპეცოპერაცია სუს-მა 4 სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. ბრალდებულები კი რუსთავში ორ სხვადასხვა ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ისინი სამართალდამცველებს კარს არ უღებდნენ, რის გამოც საჭირო გახდა სახლში, ძალის გამოყენებით შესვლა.
დაკავებულები სუს-ში არიან გადაყვანილი და ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალი არ წარდგენიათ.
დაკავებულების მეზობლები ამბობენ, რომ სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა, რაც შეეხება დაკავებულების ვინაობას, მათი ინფორმაციით, ისინი მეზობლებს არ ეკონტაქტებოდნენ და ადგილზე დაახლოებით ერთი წლის წინ ქირით გადმოვიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებულები კონსპირაციულად ცხოვრობდნენ და მეზობლებთან ახლო კონტაქტში შესვლას ერიდებოდნენ.
„წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყვნენ. ვიცოდით მხოლოდ ის რომ აქ ქირით ცხოვრობდნენ. მეზობლებთან კომუნიკაციას ძალიან ერიდებოდნენ. ამ ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე გვყავს დანახული. ვიცით, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელი იყო და აქ მარტო ცხოვრობდა. რას აკეთებდა, რას საქმიანობდა აზრზე არ ვართ. სამსახური ჰქონდა რუსთავში თუ ვინმეს ხვდებოდა არ ვიცით. მხოლოდ ღამე გავიგეთ, რომ დააკავეს. სპეცრაზმი მოვიდა და სახლის კარგი შეტეხეს და ასე აიყვანეს. კარს არ აღებდა. მერე გავიგეთ, რომ ეს ბიჭი დაუკავებიათ. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით. ამბობენ, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ“,-ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“.
ადვოკატი იოსებ ნატროშვილი, რომელიც 4 ბრალდებულს იცავს აცხადებს, რომ ჯამში სულ 7 ადამიანია დაკავებული და აქედან 6 საქართველოს მოქალაქეა.
ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით, დაკავებულებს არ შეხვედრია საქმეს კი გრიფით საიდუმლო ადევს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. "კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში," - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.