პოლიციამ თაღლითობის კარგად ორგანიზებული სქემა გაშიფრა, რომლის მეშვეობითაც თბილისში კლუბ „ავტოგრაფის“ მეპატრონე და მისი თანამშრომლები პრაქტიკულად ტურისტების ძარცვით იყვნენ დაკავებულები. ამაში ასევე ჩართული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ეფექტური გარეგნობის ახალგაზრდა გოგონები. ტაქსისტებს ევალებოდათ ტურისტების დარწმუნება, რომ ამ კლუბში მისულიყვნენ, ხოლო კლუბში კი მათ ხვდებოდნენ გოგონები, რომლებიც ტურისტებთან კომუნიკაციაში შესვლის შემდეგ ძვირადღირებულ სასმელს უკვეთავდნენ და და შემდეგ ანგარიში სწორედ მახეში გაბმულ ტურისტებს უნდა გადაეხადათ.
პოლიციის მიერ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერში ჩანს, როგორ მოითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ბარის თანამშრომლები შამპანურში 800 ლარის გადახდას.
მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი დაილუქა. დაკავებულია დაწესებულების ორი მფლობელი და ბარმენი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ისინი იდგნენ თაღლითური სქემის სათავეში, რომელსაც ათობით დაზარალებული ტურისტი ჰყავს.
ღამის კლუბის გარდა, სპეცოპერაცია კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდა. დაკავებულები არიან ტაქსის მძღოლები, რომლებიც თაღლითურ სქემაში იყვნენ ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ისინი თაღლითობის პოტენციურ მსხვერპლ ტურისტებს ეძებდნენ და კლუბ „ავტოგრაფში“ მიჰყავდათ.
ტურისტების ზარალი ათობით ათასი ლარია, რომელსაც თაღლითური სქემის მონაწილეები ითვისებდნენ. დაკავებული 8 პირიდან სამი წარსულში ნასამართლევია. გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.
ჯერ უცნობია, აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ დაწესებულება წლებია საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს და აქ პოლიცია არაერთხელ უნახავთ. მათი ინფორმაციით, ხშირი იყო შემთხვევები, როდსაც ბარში უცხოელებს, რომლებიც თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„ამ ბარში მუდმივად კონფლიქტი და დაპირიპირება იყო. ძალიან საეჭვო დაწესებულებაა, რომელიც ღამე გვიან იხსსნებოდა. როგორც ვიცით, მათ მუდმივად უჩიოდნენ ტურისტები და პოლიცია აქ არაერთხელ გვინახავს. ხშირად ჩხუბის მომსწრეებიც ვყოფილვართ და გვინახავს დაცვას როგორ გამოუყვანია ტურისტები, რომლებიც თანხის გადახდაზე უარს ამბობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ძარცვავდნენ და თაღლითობის მსხვერპლი იყვნენ. პოლიციასაც იძახებდნენ, მაგრამ მერე სიტუაცია ისევ იგივე სახით გრძელდებოდა. ყოველ ღამე ჩხუბი და კონფლიქტი იყო“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.