ელზა პაპოშვილი
19.08.2023

სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა - რა გახდა რიკოთზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების მიზეზი? რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა და ერთი დაშავდა. ცნობილია, რომ დაზიანებები გარდაცვლილსაც და დაშავებულსაც მიღებული აქვთ საამქროში მუშაობის დროს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.  დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი - საქართველოსი. 

როგორც ადგილზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა ყვება, მათ დაშავებული ჩინეთის მოქალაქის დახმარება თავად სცადეს, თუმცა უშედეგოდ. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ის სასწრაფოს ადგილზე უკვე დაღუპული დახვდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, ის შედარებით მსუბუქად დაშავდა, საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.    

„55 წლის ჩინეთის მოქალაქეს რკინის კონსტრუქციები დაეცა. მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სასწრაფოს მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მუშა. ის საქართველოს მოქალაქეა. ე.წ. „აპალოვკა“ გადაბრუნდა და შიგნით მოყვა. ტონა და 700 კგ-ია აპალოვკა. გული გაუჩერდა. სასწრაფოს მოსვლამდე ჩვენ ვცდილობდით მის გადარჩენას. გული ავუმუშავეთ ხელოვნური მასაჟებით მაგრამ, სანამ სასწრაფო მოვიდა, ხელში ჩამაკვდა. 

„ქართველია კიდევ დაშავებულია, მაგრამ იმას ისეთი არაფერი სჭირს. მხოლოდ გვერდიდან მოხვდა და მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული. ჩინელი კი კისრში გადაწყვიტა. თავზე დაეცა ამხელა რაღაც“, - ამბობს მუშა „რეზონანსთან“.

შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×