ელზა პაპოშვილი
24.08.2023

პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. 

სოფელ ხანდაკში, სიმონიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან, ხმაური მეზობლებმა დილით, დაახლოებით, 11 საათისთვის გაიგეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ადგილზე მისვლიდან რამდენიმე წუთში, 65 წლის ქალი, რომელსაც მეუღლემ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ადგილზევე  გარდაიცვალა. 

ადგილობრივებს მოტივზე საუბარი უჭირთ, ამბობენ მხოლოდ ერთს - რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და პარალელურად, მეუღლეზე ეჭვიანობდა. 

შემთხვევიდან მალევე თამაზ სიმონიშვილი პოლიციამ დააკავა. მეზობლები ამბობენ, რომ ის პოლიციას დანაშაულის ადგილას დახვდა. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ადგილიდან ის დანაც ამოიღეს, რომლითაც სიმონიშვილმა მეუღლეს ჭრილობები მიაყენა, მათ შორის სახის არეში.

სოფელში სიმონიშვილების ოჯახს დადებითად ახასიათებენ, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ხშირად კამათობდა. მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არაერთხელ გაუგიათ, თუმცა, კონკრეტულად რა იყო კამათის მიზეზი, მათთვის უცნობია.   

„ზუსტად არ ვიცით რატომ დაიწყო კონფლიქტი. როგორც ამბობენ, ქმარი ცოლზე მუდმივად ეჭვიანობდა. ძალიან კარგი ქალი იყო და ქმრის უხასიათობას ვეღარ უძლებდა. არაერთხელ  უთქვია, რომ გაშორება უნდოდა, რადგან მუდმივად ასეთ კონფლიქტში ცხოვრება აღარ შეეძლო. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და წამლებსაც იღებდა. 

„ჩხუბის ხმა გავიგეთ დილის 11 სათზე. ეს იყო ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან ამ ოჯახიდან ცოლ-ქმრის ჩუბი ხშირად ისმოდა. მერე თავად გაშველდებოდნენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად ქალის განწირული ხმა გავიგეთ. რომ გავცვივდით და მივედით, ვნახეთ, რომ ქალი უკვე დაჭრილი იყო. დანით რამოდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სახის არეშიც და ხელებზეც. ალბათ  სახეზე ხელს იფარებდა. სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ უშველეს. სისხლად დაიცალა. კაცი არ გაქცეულა, პოლიციას სახლშივე დახვდა“, -ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი მეზობელი. 

დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×