ელზა პაპოშვილი
04.09.2023

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის ბექა ჯანიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობაში ეჭვმიტანილი 90-წლამდე მეზობელი კოლა გაბიტაშვილია. მკვლელობის  შესახებ მეზობლები საუბრობენ და „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მეზობელს შორის დავის საგანი მიწის ნაკვეთია, რომელიც მათ ეზოებს ერთმანეთთან აკავშირებს. მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი ამტკიცებდა, რომ ეს გზა მისი იყო და იქ მეზობლებს სიარულის უფლება არ ჰქოდათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია მათ კონფლიქტი აქვთ, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოხუცი მსგავს დანაშაულს ჩაიდენდა.

მოკლული ბექა ჯანიაშვილი სამაშველო სამსახურში მუშაობად და სახლში დაბრუნებულს მეოზობელმა იმ დროს ესროლა, როდესაც ის ეზოში ავტომობილიდან გადმოდიოდა. სავარაუდოდ, კოლა გაბიტაშვილი მას ჩაუსაფრდა და სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. მკვლელობას კი უშალოდ ახალგაზრდა ბიჭის მამა შეესწრო, რომელმაც გასროლის ხმა და ეზოში წაქცეული შვილი დაინახა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა ადგილებში 48-მდე საფანტი ჰქონდა მოხვედრილი. როგორც მეზობლები ყვებიან, მოხუცი ადგილზე მისულ პოლიციასაც ემუქრებოდა.   

„დაპირისპირების მიზეზი ის საერთო სარგებლობის გზა გახდა, რომელიც ჯანიაშვილებისა და გაბიტაშვილების მიწის ნაკვეთს ერთმანეთთან აკავშირებდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს კაცი ჯანიაშვილს ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას უკრძალავდა, სადაც მათი კუთვნილი თივის საწყობი არსებობდა. 

ის სწორედ ამ ტერიტორიაზე ჩაუსაფრდა ბექა ჯანიაშვილს და სანადირო თოფი მაშინ გაისროლა, როცა საწყალი ბიჭი  ავტომობილიდან გადმოვიდა. ეს ყველაფერი კი მამამისის თვალწინ მოხდა. იარაღის გასროლის ხმა და მამის ყვირილის ხმა ერთი იყო. ალბათ მიხვდა რა საშინელებაც მოხდა. რომ გაიქცა შვილისკენ, უკვე ბიჭი დაბლა წაიქცა. მიხვდა, რომ ამ კაცმა ესროლა. შეიყარა მეზობლები, სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ მოხდა მისი გადარჩენა. საშინელი ამბავია. პოლიცია რომ მოვიდა, ეს საძაგელი კაცი კიდევ იმუქრებოდა, მაგრამ მისი აყვანა შეძლეს. კონფლიქტი ჰქონდათ ხოლმე, მაგრამ ამას ვინ წარმოიდგენდა“,- ყვება მეზობელი „რეზონანსთან“. 

რაც შეეხება მოკლულის მამას, ის მედიასთან მომხდარის დეტალებს იხსენებს და ადასტურებს, რომ მეზობელთან კონფლიქტი საერთო მიწის გამო ჰქონდათ. 

"თოფის გავარდნის ხმა რომ გავიგე, ახლოს ვიყავი. ალბათ, ერთ 100 მეტრში, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი. ხმა გავიგე ვაიმეო და ბექა-მეთქი, თოფი გესროლა-მეთქი, შვილო. ამან ერთი 70-80 მეტრი გამოიარა და მე რომ უკვე გამოვედი, უკვე გზაზე დავარდა. ერთი ვაზნაა დაცლილი ოღონდ მრავალსაფანტიანი. რა ვიცი, ექსპერტიზას უთქვია, რომ 48 ცალი ამოვიღეთ ის საფანტიო," - ამბობს მოკლულის მამა. 

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებმა ცხელ კვალზე დააკავეს. კოლა გაბიტაშვილი ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×