ელზა პაპოშვილი
06.09.2023

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც ბინებს კარგად დაგეგმილი სქემის მიხედვით ძარცავავდნენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდნენ და პოლიცია მათ კვალზე რომ არ გასულიყო, ერთი და იგივე ქალაქში დიდ ხნის განმავლობაში არ ჩერდებოდნენ. ისინი საცხოვრებელ და სამოქმედო არეალს სწრაფად იცვლიდნენ. 

„სამართალდამცველებმა ისინი ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში იმ დროს აიყვანეს, როდესაც მორიგ ქურდობას გეგმავდნენ. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალური ორგანიზაციის ნაწილია, რომელიც სახლებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე  ძარცვავდა.  

„დაჯგუფების წევრები დღეში ათობით სახლს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თავს ესხმოდნენ. ჯერ რამდენიმე ობიექტს ერთ ქალაქში  ქურდავდნენ, შემდეგ კი სხვაგან გადადიოდნენ. დაჯგუფებას ე.წ კანონიერი ქურდები მართავდნენ. სწორედ მათი მითითებით  არჩევდნენ მძარცველები წინასწარ ძვირადღირებულ ვილებსა და სავაჭრო დაწესებულებებს. ჩხრეკის შედეგად ესპანელმა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებებად ამოიღეს სამკაულები, მობილური ტელეფონები და  ნაღდი ფული“, - აცხადებს პოლიციის უფროსი ესპანურ მედიასთან საუბრისას. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით. კერძოდ, ისინი უხილავ ძაფებსა და მარკერებს ათავსებდნენ სახლის კარებთან, რათა გაეგოთ, გაიღო თუ არა კარი. სახლებში, სადაც მეპატრონე არ იმყოფებოდა, ღამით იპარებოდნენ და საკეტებს ამტვრევდნენ.

პოლიციამ მოპარულ ნივთებს შორის ამოიღო: ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული. არსებული ცნობებით, ჯგუფის წევრები ფულად გზავნილებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რიცხავდნენ. ქალაქ ლუგოში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დაკაავებულების რიცხვიც გაიზარდოს. 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები არიან ქართული მაფიოზური ორგანიზაციების წვერები და მათ ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანას ქირაობდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. ძარცვავდნენ სახლებს, ფერმებსა და სხვა ობიექტებს. კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ისინი დავალებებს ქართველი პირებისგანაც იღებდნენ, სავარაუდოდ ისინი უმზადებდნენ მათ ყალბ დოკუმენტებს და ასევე უზრუნველყოფდნენ მათთვის საცხოვრებელ ადგილებს",- აცხადებენ ესპანეთის პოლიციაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×