ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 62 წლის მამაკაცი მეზობელი არასრუწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. არასრუწლოვანი გოგონა და დაკავებული მეზობლები არიან და როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი ოჯახის ახლო მეგობარია და მათთან ხშირად სტუმრობდა. მეზობლებისათვის ეს ამბავი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი არ იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დააპატიმრეს. რა მოხდა რეალურად და ვინ შეატყობინა ამის შესახებ პოლიციას - ამის შესახებ მეზობლებმა ვერსიის დონეზეც კი არაფერი იციან. ისინი დაკავებულ მამაკაცსაც და მოზარდ გოგონასაც დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მათთვის ეს ამბავი დაუჯერებელია.
„ეს კაცი წლებია ჩვენს გვერდით ცხოვრობს. მისგან არც ქალების და არც ბავშვების მიმართ არასდროს მსგავსი რამ არავის შეუმჩნევია. არ ვიცით რა მოხდა, ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას. ვერცერთ მხარესთან ამაზე ვერ ვსაუბრობთ. ამბის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა პოლიციის ეკიპაჟი მოვიდა. კაცი გამოიყვანეს, ჩასვევს და დასაკითხად წაიყვანეს. თავად მსგავს რამეს კატეგორიულად უარყოფსო.
„ბავშვმა თქვა რამე, მშობლებმა თუ სხვა ვინმემ - არაფერი ვიცით. ორივენი - კაციც და მოზარდი გოგონაც - ძალიან კარგი ადამიანები არიან. ამ კაცს ცოლი ჰყავს საზღვარგარეთ. მისგან მსგავსი რამ ქალის მიმართაც კი არ გვიგვრძვნია, არათუ ბავშვის მიმართ.
„ახლო მეზობლები არიან და ერთმანეთთანაც მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. რატომ გაჩნდა ეს ეჭვი, ან ვის გაუჩნდა - ჯერ არაფერი არ ვიცით. თუ ამას ვინმე იგონებს, ალბათ ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს - მსგავსი რამ კაცს მოუგონო და ასე გაანადგურო“, - ყვება ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 141-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენას 16 წელს მიუღწეველთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.