ელზა პაპოშვილი
31.10.2023

ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში - 48 წლის  მამაკაცი საკუთარ ცოლსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მათხოვრობას აიძულებდა. იგი დაპატიმრებულია და 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ცნობით, ვუგარ ალირზაევი ცოლს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად აიძულებდა, რომ ქუჩაში მოწყალება ეთხოვა. მიღებული ფულით ის სლოტ კლუბებში თამაშობდა. მისი ცოლი კი დილიდან საღამომდე  ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა და თუ ქმრის დავალებებს არ შესრულებდა, ფიზიკური ანგარიშსწორება ელოდა.

ბრალდებულის მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირიც, რომელიც, მეტი თანხის გამომუშავების მიზნით, ტრეფიკიორმა სპეციალურად თბილისიდან ქუთაისში ჩაიყვანა. ვუგარ ალირზაევი ეტლით მოსარგებლე კაცს მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამყოფებდა და იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დადგენილ თანხას არ მიუტანდა, აგინებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. 

ალირზაევს პოლიციამ ხელბორკილები ქობულეთში, ნაქირავებ სახლში დაადო. მამაკაცის მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის შესახებ დიდი არაფერი იციან, რადგან ისინი ნაქირავებელ ბინაში ცხოვრობდნენ და არავისთან კონტაქტობდნენ. ამიტომ მათაც ამ ამბის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც სახლში პოლიცია მივიდ და მამაკაცი დააკავეს. 

„როგორც გავიგეთ, ქმარი ცოლს ჭავჭავაძის და მელიქიშვილის  ქუჩებზე მათხოვრობას აიძულებდა. თურმე თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა. მეზობლებთან დიდად არ კონტაქტობდნენ, ამიტომაც არ ვიცით ამ ოჯხში რა ხდებოდა. ამბობენ ასევე, რომ ეტლით მოსარგებლე ჰყოლია დატყვევებულივით და მასაც მოწყალების თხოვნას აიძულებდა. 

„არ ვიცით ვინ მიმართა პოლიციას. შესაძლოა ამ ქალმაც მიმართა. ამიტომ პოლიცია დაინტერესდა და გამოძიება დაიწყო. 

„ეს ბიჭი მოთამაშე ყოფილა და მოწყალებით ნაშოვნ მთელ ამ ფულს სლოტ კლუბებში ხარჯავდა. თუ ცოლი დღის განმავლობაში დათქმულ ფულს არ მიუტანდა, მას მოკვლით ემუქრებოდა. ვისიც იყო ნაქირავები ბინა, ისიც ამბობს, რომ არაფერი იცოდა ამ ამბის შესახებ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და მედიასთან ურთიერთობა არ სურთ. 

ვუგარ ალირზაევს ბრალი ადამიანებით ვაჭრობის მუხლით აქვს წარდგენილი და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×