ელზა პაპოშვილი
02.12.2023

წალკაში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წალკის რაიონის სოფელ ბედიანში 53 წლის ეკა გულაშვილის ცხედარი მეზობლებმა საკუთარ სახლთან იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ის სასიკვდილოდ თანასოფლელმა და ყოფილმა თანამშრომელმა 47 წლის ვოსკან ვოსკანიანმა მოკლა. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი და იძლებული იყო თავი დაეცვა.

ბრალდებული წალკის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილეა. ეკა გულაშვილიც ამავე კლინიკაში მომვლელად მუშაობდა და დაწესებულებიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. არსებობს ვერსია, რომ მათ შორის კონფლიქტი სწორედ ამას უკავშირდება - გულაშვილი საავადმყოფოდან მის გათავისუფლებაში სწორედ ვოსკანიანს ადანაშაულებდა.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა მალე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც - ნაჯახი, რომლითაც ბრალდებული ქალს გაუსწორდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თანასოფლელებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა. 

„საშინელი ამბავი მოხდა. მეზობლებმა იპოვეს ნაჯახით თავგაჩეხილი. უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. კონფლიქტის და ჩხუბის ხმა არავის გაუგია. როგორც ამბობენ, საქმის გასარჩევად მივიდა ქალთან და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ეს მოხდა. ეზოს წინ იყო მოკლული. 

„ეკა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომვლელად მუშაობდა. სავარაუდოდ, ის სამსახურიდან ვოსკანმა გაათავისუფლა. ამაზე ჰქონდათ კონფლიქტი. ეტყობა ისევ შელაპარაკდნენ და ასე გაუსწორდა“, - ამბობს ერთ-ერთი აადგილობრივი „რეზონანსთან“.

დაკავებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბრალდებული თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების წინაშე იყო. 

„როგორც დააკავებული ყვება, ქალი თავს თავად დაესხა. ნაჯახიც ქალს ეჭირა ხელში და რომ არ ჩაერტყა, წაართვა, ხოლო როცა მოიქნია, მას თავში მოხვდა. ქალის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა. 

„კონფლიქტი ჰქონდათ დიდი ხნის წინაც. ამ ქალბატონმა ორჯერ დაურეკა იმ საღამოს, ამონაწერებითაა ეს დადასტურებული. მერე ამანაც გადაურეკა. შეხვდნენ და გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ქალმა ეზოდან ნაჯახი გამოიტანა და ამას მოუქნია. ეს არის აუცილებელი მოგერიება. თუმცა, ჯერჯერობით, მტკიცებულებები არის ამისთვის საჭირო, რადგან მოწმე არ არსებობს და ისინი მარტონი იყვნენ. 

„ყოველ შემთხვევაში, რასაც ის ჰყვება და რაც არის საქმის მასალების მიხედვით, აუცილებელ მოგერიებაზე შეიძლება ვიდავოთ. გამორიცხულია, რომ მას ქალის მოკვლა განზრახული ჰქონოდა“, - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია „რეზონანსთან“.

ამასთან ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი ქალის ფსიქიატრიულიდან გათავისუფლებას არ უკავშირდება და პირადი კონფლიქტია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×