რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეზონანსს“თვითმხილველები შემზარავი დაანაშაულის დეტალებს უყვებიან. როგორც ისინი ამბობენ, ექვსი გასროლის ხმა გაიგონეს და დაინახეს, რომ ოთხი ადამიანი იყო მოკლული, ერთი კი მძიმედ დაჭრილი. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი ნათესავებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა. როგორც ირკვევა 35 წლის კაცი, სანადირო თოფით ბიძას და ბიძაშვილს მიუვარდა, რომლებიც ბაზარში ხორცს ყიდიდნენ.
საავარაუდოდ, ბიძას და ძმის შვილს დაპირისპირება ბიზნესის გამო მოუვიდათ, რადგანაც მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, ბიძამ 2 თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლა. ბაზარში დასაქმებულები ყვებიან, რომ ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გამოჩნდა. მხოლოდ ყვირილი და შემდეგ გასროლის ხმა გაიგონეს. მან ჯერ ბიძას, შემდეგ კი ბიძაშვილს ესროლა, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი. ხოლო ორი გარდაცვლილი მათ დახლთან ახლოს მდგომი პირია, რომელთაც ტყვია მოხვდა. რაც შეეხება მეოთხე მოკლულს, ის ტაქსის მძღოლია, რომელიც მამა-შვილთან მეგობრობდა. ის სორლის ხმაზე მივარდა მათთან და ბრალდებულის გაკავებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო და ტყვია მასაც მოხვდა. ტაქსის მძღოლიც ადგილზევე დაიღუპა.
მიცვალებულები ჯერჯერობით „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე რჩებიან, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხანში სავარაუდოდ, მათ პირდაპირ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
„რაც დავინახეთ ის იყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი მოვარდა მოულოდნელად. მხოლოდ რაღაცა ყვირილის ხმა შემოგვესმა და მერე 6-მდე გასროლა იყო. გადაცხრილა ბიძა, ბიძაშვილი და მათთან ერთად გვერდით მდგომი ორი პიროვნება. საწყლები უცბად მოცელვით გადმოცვივდნენ. ატყდა ყვირილი, ვინ სად გარბოდა, არ ვიცი. ამ დროს მოვარდა ეს ტაქსის მძღოლი და ამ ბიჭის გაკავებას ცდილობდა. მამა-შვილთან მეგობრობდა და ალბათ იფიქრა ვუშველიო. საწყალმა ვერ მოახერხა და ამ ძიძგილაობაში ეტყობა მასაც ესროლა, მერე ადგილიდან გაიქცა.
„არ ვიცით ეს რა საშინელება იყო. სამივე აქვე ბაზარში გარდაიცვალა, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჰქონდათ. ბიძაშვილი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფომ გაიყვანა. როგორც გავიგე, ეს ბიჭი ამ დახლის მეწილე ყოფილა. ბიძას და ბიძაშვილს ედავებოდა წილს. აქ მუშაობდა, ორი თვის წინ გაუშვეს. ამაზე ყოფილა გაბრაზებული. ბევრჯერ უთქვამს, რომ შურს იძიებდა, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე სადისტურად დახოცავდა ხალხს. საზარელი სურათი ვნახე“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.
რაც შეეხება დაკავებულს, თვითმხილველები ამბობენ, რომ 35 წლამდე მამაკაცმა თავიდან ტერიტორია დატოვა, ის გაქცევას ცდილობდა, დანაშაულის იარაღი ბაზართან დატოვა და თავს ბაზართან არსებულ ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელს აფარებდა. სწორედ იქ დააკავეს სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირი და ის ახლა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
„დიდი ორლულიანი თოფი ჰქონდა შემოტანილი, ისროდა უმისამართოდ. ექვსჯერ გაისროლა, დავინახე გვერდით ვედექი. ხორცის გამყიდველი კაცი იქვე მოკლა, პირველივე გასროლაზე დავარდა, მე როგორ გადავრჩი არ ვიცი. აქვე მაღაზიაა და იქ შევარდა. ეტყობა ტყვიები ამოეწურა და აქ დააგდო იარაღი. ხალხი ყვიროდა მაღაზიაში და ყველა დაბლა იყო დაწოლილი. გიჟივით იქცეოდა, არანორმალურივით ამოწყვიტა ხალხი. თვალი არ დაუხამხამებია. ვინც ამ მამა-შვილთან ახლოს იდგა, ისინიც დაიხოცნენ", - ამბობს კიდევ ერთი ფაქტის შემსწრე.