ნატალია ჯვარიძე
26.04.2024

„საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. სპეციალისტენი მიიჩნევენ, რომ ამაზე იმოქმედა ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირებამ და მიგრაციული სალდოს გაზრდამ. მათივე განმარტებით, საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს შვილის ყოლისა და დაოჯახების მოტივაციას მისცემს.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურიში აღნიშნავენ, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

უწყების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

ამასთან, როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 14 წლამდე მოსახლეობის წილი 19.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი - 64.3 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 16.2 პროცენტს.

2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალებისამ - 1 920.1 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი - კაცი, ხოლო 52 პროცენტი ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის - 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის - 79.4 წელი.

2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.

2023 წელს იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

ექსპერტი სოსო არჩვაძის აზრით, ამ შედეგებზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა: ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირებულია და მიგრაციული სალდო გაზრდილია. მისივე თქმით, საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს შვილის ყოლისა და დაოჯახების მოტივაციას მისცემს.

„ამ შედეგებზე ორმა ფაქტორმა იმოქმედა: ბუნებრივი მატების მაჩვენებელი შემცირებულია და მიგრაციული სალდო გაზრდილია. შობადობის მკვეთრი შემცირების მთავარი მიზეზი მოსახლეობის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებაა. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნიდან გასულთა შორის ჭარბობს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანები, 20-დან 50-წლამდე. ქვეყნის მოსახლეობაში მიგრანტების წილი ორჯერ უფრო მაღალია ამავე ასაკის მოსახლეობის წილზე.

„ოჯახის რიცხოვნობის დაგეგმვა, პროფილაქტიკა და ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა და აბორტების შემთხვევების რაომდენობაც შემცირდა, თუმცა ის ძველი შლეფი, რაც 90 წლებიდან მოდიოდა, ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. საბოლოო ჯამში კი შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის შემცირებაზე ეს ფაქტორი გავლენას არ ახდენს.

„ამ მონაცემებში გარკვეული პოზიტიური ინფორმაციაც არის. მაგალითად ის, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. როგორც წესი, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ეს ცვლილება უკავშირდება ქვეყანაში კეთილდღეობას. ოღონდ თუ ეს დაკავშირებული არაა ეპიდემიებთან და საომარ მოქმედებებთან. ამიტომ მშვიდობიან გარემოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა ადასტურებს, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება, მაგრამ ეს აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებისთვის. საჭიროა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდა ოჯახებს შვილის ყოლისა და დაოჯახების მოტივაციას მისცემს, ეს შეიძლება იყოს მონეტარული ან არამონეტარული ფორმით," - განაცხადა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×