ელზა პაპოშვილი
30.04.2024

უნიკალური და იშვიათი წიგნების ქურდობის უპრეცედენტო, რომელიც ევროპაში საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინეს - დაჯგუფების რამდენიმე წევრი რამდენიმე თვის წინ ევროპის ქვეყნებში დააკავეს, ბოლო დღეებში კი, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე ათობით სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც აიყვანეს 3 პირი და მათი კიდევ ერთი თანამზრახველი.

დაკავებულებს შორის ცოლ-ქმარი - ანა გოგოლაძე და მათე ცირეკიძე არიან. ისინი  თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ სახლში აიყვანეს. თემქის დასახლებაში მიაგნეს დაჯგუფების კიდევ ერთ წევრს, რობერტ ცატუროვს. ხაშურში კი ბესიკ ახალაშვილი დააპატიმრეს. მათი ბინების ჩხრეკისას გამოძიებამ ასობით წიგნი ამოიღო. ახლა გამოცემებს ექსპერტიზა უტარდება, რომელიც დაადგენს, არის თუ არა მათ შორის ევროპიდან მოპარული ძვირადღირებული გამოცემები.

სპეციფიკური დანაშაულის საქმის დეტალებზე საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვისა და საქართველო სამართალდამცველებმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრეს. გაირკვა, რომ 100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სამართალდამცველი სპეცოპერაციისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა. მხოლოდ საქართველოში დაკავებულმა 4-მა პირმა კი ევროპულ ბიბლიოთეკებს ასობით ათასი ევროს ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება დაკავებულ ცოლ-ქმარს, მათ კვლაზე გამოძიება სათვალთვალო კამერების დახმარებით გავიდა. პოლიციამ ჩანაწერების შესწავლით დაადგინა, რომ ისინი ბიბლიოთეკებში სტუდენტის, ან მკვლევარის სტატუსით შედიოდნენ. უნიკალურ წიგნებს, რომლებიც იშვიათ და უნიკალურ გამომცემლობად ითვლება, ფოტოებს უღებდნენ. რამდენიმე დღეში კი მათ ანალოგ ყალბ წიგნებს ამზადებდნენ და ბიბლიოთეკებში ორიგინალებს ანაცვლებდნენ. მათ იშვიათი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ტანსაცმელში დამალული გამოჰქონდათ. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მათე ცირეკიძე, რომელიც მეუღლესთან ერთად საქართველოში დააკავეს, წიგნების ქურდობისთვის, ესტონეთში დაპატიმრებული ბექა ცირეკიძის შვილია. მათივე ცნობით, ერთი ოჯახის სამი წევრი ევროპაში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენს. 

„რეზონანსს“  წყარო უყვება, რომ მოპარული წიგნების უმეტესობა რუსი ავტორებისაა. ქართველი ქურდები ძირითადად პუშკინის, ლერმონტოვის, დოსტოევსკისა და სხვა რუსი მწერლების გამოცემებით იყვნენ დაინტერესებული. არსებობს ეჭვი, რომ მათ წიგნების ქურდობას რუსი კრიმინალები  უკვეთავენ, რომელთა უკანაც ასევე რუსეთის ხელისუფლება დგას. ევროპაში ეჭვობენ, რომ კრემლი ცდილობს ევროპიდან რუსი მწერლების ორიგინალური და იშვიათი გამოცემების გატანას.   

„ქართველმა მძარცველებმა ევროპის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკებიდან უნიკალური მასალა მოიპარეს. ჯამში, როგორც გამოძიებით ირკვევა, ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს აღწევს. ერთ-ერთი ყველაზე უძვირესი გამოცემა, რომელიც ქართველებმა მოიპარეს, ალექსანდრე პუშკინის წიგნია. ის  მის სიცოცხლეშივეა გამოქვეყნებული და ფასი ასობით ათასი ევროა. 

„დაჯგუფება ერთი სქემით მუშაობდა, რისი  ამსახველი კადრებიც ევროპელმა გამომძიებლებმა შეისწავლეს. ფარული კადრები ვარშავის ბიბლიოთეკის კამერებმა მაშინ  გადაიღო, როცა ქართველი ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, უნიკალური წიგნების მოპარვას გეგმავს. მოპარული წიგნების უმეტესობა კი პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის და სხვა ცნობილი მწერლების უნიკალური გამოცემებია“, - ამბობს წყარო. 

კიდევ ერთი დანაშაული საფრანგეთში, ლიონის ბიბლიოთეკაში მოხდა, სადაც ჩანაწერებში წიგნის ქურდების დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი -ბესიკ ახალაშვილი ჩანს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისიც იმავე სქემით, მოქმედებს - მე-18-19 საუკუნის გამოცემებს ასლებით ცვლის და ბიბლიოთეკიდან გააქვს.

14-ტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, დაკავებულები ბრალს დუმილით პასუხობენ. ოთხივე მათგანს გირაოთი გათავისუფლება სურდა, თუმცა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

ვინ არის დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა, მსგავსი  გამოცემები საქართველოშიც მოიპარეს.

არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნების უკან, ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვისთვის დაკავებულ ბექა ცირეკიძე უნდა იდგეს. რამდენიმე წლის წინ თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან, 1826 წლით დათარიღებული პუშკინის უნიკალური წიგნები და ფუტურისტული გამოცემები დაიკარგა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მათ შორის პროკურატურა საქართველოში დაკარგული წიგნების ადგილსამყოფელსაც სწავლობს. ორგანიზებული ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით, საგამოძიებო ღონისძიებები ისევ მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×