სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ადგილობრივი პროდუქტი შევთავაზოთ, მაგრამ არჩევანში შეზღუდული ვართ"
    სოფო ჩხიკვაძე
    20.01.2017

     საქართველოში ბოლო დროს ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაწარმის მიმართ ზოგიერთი მომხმარებელი ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი, უმეტესობა საკმაო ინტერესს იჩენს ქართული პროდუქტისადმი. ადგილობრივი საქონლის რეალიზაციით ხელისუფლებაც არის დაინტერესებული, რამდენადაც წარმოების ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

    ადგილობრივი მრეწველობის განვითარებაში ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. ასეთი ნაბიჯი ყოველდღიურად შეიძლება უბრალო მომხმარებელმაც გადადგას. რაც უფრო ხშირად შეიძენს იგი საქართველოში დამზადებულ პროდუქტს, ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

    ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთო და მან კამპანიაში - "მოითხოვე ქართული" - მიიღო მონაწილეობა.

    "როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია. ინიციატივა შემდეგშია - უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად. ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

    წინა წლის დეკემბერში კი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ადგილობრივ მეწარმეთა მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ. პროექტის "იყიდე ქართული" ფარგლებში მარგველაშვილებმა საახალწლოდ ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარსა და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები იყიდეს. მათ ასევე საბურთალოს რაიონში მდებარე მაღაზიაში ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული პროდუქტი არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არამედ საზღვრებს გარეთაც ცდილობს ფეხის მყარად მოკიდებას. არსებობს ისეთი ქართული პროდუქტები რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, თხილი, ჩაი, ყველი, მწვანილი, დაფნა, ხილი, ბოსტნეულის, ნატურალური წვენები, თაფლი და ა.შ.

    მარგველაშვილის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა დედაქალაქსა და რეგიონებში. მოსახლეობის ერთი ნაწილი აღფრთოვანებულია ახალი წამოწყებით.

    "მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას. კარგია თუ ქართველები ქართულ ნაწარმს შევიძენთ. მთავარია, პროდუქტი იყოს ხარისხიანი და მყიდველიც ბევრი ეყოლება. ნამდვილად სჯობს უცხოეთიდან შემოტანილს. ყველა უნდა შეეცადოს, რომ აქ დამზადებული პროდუქტი ხშირად შეიძინოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სამტრედიელმა ილია ვაშაკიძემ.

    ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარება საქათველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარია. ამის თაობაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმაც გააკეთა განცხადება. ეკა მიშველაძის თქმით, ახალი კამპანია ეხმარება ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

    "პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კამპანია "მოითხოვე ქართული" ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. საჭიროა ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, მით უმეტეს, რომ ქართული ნაწარმი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც პოპულარულია", - აღნიშნა მიშველაძემ.

    სადისტრიბუციო კომპანიები მიესალმებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მათი აზრით, ეს ნამდვილად წინსვლაა და ახალი კამპანია წარმატებას მოიტანს.

    "4 წელია "ტკბილი ქვეყნის" დისტრიბუტორი ვარ. ჩვენ თვალწინ განვითარდა ეს საწარმო. მიმაჩნია, რომ ეროვნული წარმოება იმსახურებს ხალხის სიყვარულს და დაფასებას. ამიტომ ყველას ვთხოვ რომ შეიძინონ ქართული პროდუქცია", - განუცხადა "რეზონანსს" ლაშა კოჭლამაზაშვილმა.

    სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში კი ამბობენ, რომ მომხმარებელი ჯერჯერობით მაინც სხვა ქვეყნის ნაწარმს ყიდულობს, რადგან ადგილობრივი ნაწარმი მრავალფეროვანი არ არის. ხშირად მხოლოდ რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი დახლებზე.

    "ბოლო პერიოდში უფრო მეტად ყიდულობენ ქართულ პროდუქციას, მაგრამ ჯერჯერობით უცხოურს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მომხმარებელს ადგილობრივი ნაწარმი შევთავაზოთ, მაგრამ არჩევანში შეზღუდული ვართ", - განაცხადა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარე-კონსულტანტმა მარიამ ანთიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×