სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    18.05.2017

     ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით "ვარდების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო. პატრიარქის ინიციატივით კი 7 და მეტ შვილიან ოჯახებს "მამულისათვის თავდადებული მშობლების" სიგელი გადაეცათ და ილია მეორესთან ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.

    ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად დედაქალაქის მასშტაბით მოქალაქეები რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს: "ვარდების მოედანზე", ფილარმონიასთან, ოპერის შენობის წინ, პარლამენტის შენობასა და თავისუფლების მოედანზე. ამასთან, გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება.

    "დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დადგინდა. ოჯახის სიწმინდეს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერისთვის. ოჯახი არის პატარა სახელმწიფო და თუ ოჯახი მტკიცეა, სახელმწიფოც მტკიცეა.

    "გარდა ამისა, დღეს ჩამობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც შევეგებებით და წავალთ სამებისაკენ, სადაც მისი უწმინდოსება გადაიხდის პარაკლისს", - განუცხადა ფილარმონიასთან ჟურნალისტებს დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით "ვარდების მოედანზე" მიმდინარე აქციას დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც შეუერთდა.

    "ოჯახი არის საზოგადოების მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ეფუძნება თანასწორობასა და სიყვარულს, რომელიც არის მთავარი. ოჯახური ბედნიერება მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველს, მე ჩემი დღევანდელი ჩაცმულობით გამოვხატავ სოლიდარობას დღევანდელი დღისადმი", - განაცხადა ქუცნაშვილმა, რომელიც აქციაზე ჩოხით მივიდა.

    აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა. როგორც მრევლის ნაწილმა განაცხადა, მათი სურვილი იყო, ლგბტ თემის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცემოდათ.

    თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა საპატრულო პოლიციას ჰქონდა ჩაკეტილი, რის გამოც მათ აქციის ჩაშლის საშუალება არ მიეცათ.

    ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული "ვარდების მოედნიდან" სამების ტაძრამდე მსვლელობაც მოეწყო, რომელში მონაწილეობასაც ათეულობით სასულიერო პირი, მრევლი, ჩოხოსნები და რიგითი მოქალაქეები იღებდნენ. აქციის მონაწილეები თან მიაბრძანებდნენ აწყურისა და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებს.

    სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისის დაწყებამდე მრევლსა და ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

    პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, რომ ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი და მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter