სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    08.12.2017

     სისხლიანი გარჩევა მოზარდებში არც ერთი ქვეყნისთვის არ არის უცხო, მათ შორის არც საქართველოსთვის. ქუჩური გარჩევების "რომანტიზმი", ერთი უბნის მეორე უბანზე გადამტერება, დანიანი ბიჭების ყოყლოჩინობა ერთი პერიოდი ლამის ჩვენი ქალაქის ცხოვრების წესად იქცა. მერე თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, "ძველბიჭობა" მოდიდან გადავარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემას კვლავ ეწირებიან ახალგაზრდები.

    თემის სიმძიმიდან გამომდინარე, დღევანდელ სტატიაში მოვერიდებით ყველა იმ ტრაგიკული ამბის გახსენებას, რომელიც ჩვენი ქალაქის უახლეს ისტორიაში მოხდა და რომლებსაც თბილისი ვერ ივიწყებს, მაგრამ რამდენიმე მათგანზე მაინც შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას.

    80-იანი წლების თბილისში მეხის გავარდნასავით იყო წყნეთში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 19 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. სისხლიანი გარჩევა ე.წ. მინისტრთა საბჭოს აგარაკზე მოხდა. კონფლიქტი ბიჭებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგ 19 წლის ლევან თოფჩიშვილს (თოფჩიკას) 6 ჭრილობა მიაყენეს.

    ინციდენტში ელიტარული ოჯახების შვილები მონაწილეობდნენ, უმეტესობა არასრულწლოვანი იყო. როგორც მაშინ ქალაქში ამბობდნენ, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, მათ შვილებს პასუხისმგებლობისთვის თავი რომ აერიდებინათ, თუმცა სასამართლომ რამდენიმე მათგანს სასჯელი მიუსაჯა.

    დაპირისპირება ამით არ დასრულებულა, ერთმანეთს ვერისა და ვაკის მოზარდები გადაეკიდნენ, მათ შორის ხშირად ხდებოდა ჩხუბი და ხმაურიანი გარჩევა. შემდეგ ბევრი იყო ასეთი ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს.

    90-იანი წლები კი ნამდვილი გამოცდა იყო საქართველოსთვის, სწორედ ამ პერიოდში აყვავდა რეკეტი, ყაჩაღობა, ქურდობა. სამართალს მხოლოდ იარაღით პოულობდნენ. მთავარი ის კი არ იყო, ვინ იყო მართალი, არამედ ის, ვის ჰქონდა იარაღი, ან ვინ ვის დაასწრებდა გასროლას. დღეს იმ ბიჭებიდან უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის, ისინი შეეწირნენ შავი სამყაროს ავტორიტეტობისთვის გავლენის სფეროს გადანაწილებას, თუ მამლაყინწობისთვის ბრძოლას.

    აყველაფერ ამას კი მაშინ სამოქალაქო ომს აბრალებდნენ, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრს მიუწვდებოდა ხელი იარაღზე. 1993-1994 წლებში თბილისში ე.წ. საძმოები ჩამოყალიბდა - ვერის, ვაკის, საბურთალოსა და სხვა. მარტო საბურთალოში რამდენიმე საძმო არსებობდა: "კულინარები", "იოსებიძელები", "დელისის საძმო" და ა.შ, რომელთა წევრებიც 18-20 წლის პირტიტველა ბიჭები იყვნენ. ძირითადად იმ იარაღს ხმარობდნენ, რაც ადვილი საშოვნელი იყო, ყველაზე ხშირად კი - ხელნაკეთ იარაღს. იმიჯისთვის ტყავის ქურთუკი იყო აუცილებელი სამოსი, ამავე კატეგორიაში გადიოდა შავი გრძელი პალტოც, თეთრი "კაშნეთი" და შავი "რეიბანის" სათვალეები. ასევე გულმოღებული პერანგის ქვეშ ბრწყინავდა მასიური ოქროს ყელსაბამი დიდი ჯვრით. თმები მოკლედ შეჭრილი, "მერსედესის" მარკის მანქანა იმიჯის მთავარი ატრიბუტი იყო;

    ალბათ ამიტომ იყო მაშინდელი მოზარდებისთვის ყველაზე პრესტიჟული ამ "საძმოებში" მოხვედრა. თავის თავს საძმოს წევრებს არ ეძახდნენ, ვინმე საძმოს რომ იტყოდა, დასცინოდნენ, საძმო რა, ფიცი კი არ გვაქვს დადებული, ჩვენ მეგობრები ვართო. შემდეგ კრიმინალური საქმიანობა დაიწყეს, მაშინდელ ახლადფეხადგმულ ბიზნესებს "კრიშავდნენ", სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხებს იღებდნენ. ხელისუფლებაშიც გაუჩნდათ ბევრი ნაცნობი და ადვილად ახერხებდნენ, თავიდან აეცილებინათ სასჯელი, უფრო მეტიც, არც კი აკავებდნენ. თუ ვინმე მაინც მოხვდებოდა ციხეში, ისე გამოჰყავდათ საძმოს წევრი, რომ მაშინდელი მილიცია ხმასაც ვერ ამოიღებდა, არც უანგარობა იყო, "საძმოებიდან" მათაც ჰქონდათ ლუკმა.

    შემდეგ უკვე ამ ე.წ. მეგობრებს თუ საძმოებს შორის მოხდა გარჩევები. პირველი მტრობა სამ საძმოს - "იოსებიძელებს" "დელისელებს" და "კულინარებს" - შორის დაიწყო "იოსებიძელთა" საძმოს ერთ-ერთი წევრის დაჭრის გამო. კულმინაციას კი 1994 წელს მიაღწია.

    "იოსებიძელებისა" და "დელისელების" წევრთა უმრავლესობა მხედრიონის წევრი იყო, ამიტომ "კულინარების" კონფლიქტი მათთან, ფაქტობრივად, "მხედრიონთან" კონფლიქტს ნიშნავდა. "კულინარებს" ამ პერიოდში ე.წ. მთაწმინდელებთანაც გაუფუჭდათ ურთიერთობა და ამ გარჩევებს არა მხოლოდ "საძმოს" წევრების, არამედ ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველას ახსოვს, თუ როგორ ჩაცხრილეს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საკუთარ მანქანაში ცნობილი ქირურგი ბოხუა მხოლოდ იმიტომ, რომ სავაადმყოფოსთან ჩასაფრებულ ერთ-ერთი საძმოს წევრებს სამიზნე შეეშალათ, ამბობდნენ, "კულინარებს" მანქანაში "იოსებიძელები" ეგონათ და ცეცხლი გაუხსნესო. მოკლედ, ასეთი იყო მაშინდელი "საძმოების" სიხლიანი გარჩევების ანატომია, შემდეგში პასუხი რომ ბევრს არ უგია, უფრო მეტიც, ამ კრიმინალური დაჯგუფების ზოგიერთი წევრი "თბილად მოკალათდა" სამართალდამცავ ორგანოებში და ახლა იქ "ამყარებდნენ სამართალს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter